მსოფლიო
უცხოური მედია ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტის შესახებ
2011-10-08 14:24:59
ჩამოტვირთვა
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მუქარა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“; „ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაიცვა“ – ასეთი სათაურებით გამოეხმაურა საერთაშორისო მედია ნიკოლა სარკოზის ვიზიტს საქართველოში. საფრანგეთის ლიდერის მიერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლის დეტალები თითქმის ყველა დასავლური გამოცემის ფურცლებზე მოხვდა.
ტელეკომპანია „ბი–ბი–სის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ნიკოლა სარკოზიმ აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ შესრულების აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეახსნა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა სარკოზის რუსეთი მეგობარ ქვეყნად მიაჩნია, მან დაგმო ოფიციალური მოსკოვის მიერ მეზობელი ქვეყნების დაშინება და კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა.
საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს სააგენტო როიტერი. „ნიკოლა სარკოზიმ რუსეთი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მკაცრად გააკრიტიკა“ – წერს სააგენტო. როიტერი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე თანადგომა აღუთქვა.
განსაკუთრებული ყურადღება ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტს ფრანგულმა მედიამ დაუთმო. გავლენიანი გამოცემა „le monde” აქცენტს პრეზიდენტის მიერ რუსეთის მიმართ გამოთქმულ მოწოდებებზე აკეთებს. გამოცემა იმეორებს სარკოზის სიტყვებს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და გავლენის სფეროების მოპოვების პოლიტიკა წარმატებას ვერავის მოუტანს. ფრანგული მედია თბილისში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საკუთარ დასკვნასაც აკეთებს და წერს, რომ სარკოზიმ ვლადიმერ პუტინის გეგმა ევრაზიის კავშირის შექმნაზე კატეგორიულად უარყო.
კომენტარები