პოლიტიკა
ცხინვალი სამოქალაქო ომის მოლოდინში
2011-10-07 09:00:36
ჩამოტვირთვა
ცხინვალი სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინშია. რეგიონში ვითარება დღითიდღე იძაბება. რუსეთი რეგიონალურ კონფლიქტს შორიდან აკვირდება და კონფლიქტში ჩარევისგან თავს იკავებს. ჩრდილო მეზობელი ცდილობს ცხინვალში დაპირისპირება გამწვავდეს და სისხლიანი შეტაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს.
ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. კოკოითის მოწინააღმდეგე თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწრთვნელი, ჯამბულატ თედეევი, თავისი მომხრეებით ცხინვალში, საკუთარ სახლში იმყოფება და პრეზიდენტობისთვის იბრძვის. თედეევის სახლი კი ძალოვნების ალყაშია მოქცეული. თედეევი და კოკოითი პოზიციების დათმობას არ აპირებენ. უფრო მეტიც, კოკოითი ფერადი რევოლუციის მოლოდინშია.
„შესაძლოა, ცხინვალში ოსებსა და რუსებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს“, ამ სათაურის სტატიას ინტერნეტგამოცემა პრესა.ჯი ავცელებს. ინტერნეტპორტალი ცხინვალში სიტუაციის ესკალაციაზე საუბრობს. უმრავლესობა ცხინვალში არსებულ სიტუაციას როგორც ფეთქებადსაშიშს, ისე აფასებს, თუმცა სისხლისღვრას არ ვარაუდობენ.
„ცხინვალის ამჟამინდელ პრეზიდენტს რუსეთის მოქალაქეები მძევლებად ჰყავს აყვანილი, რადგან თედეევის სახლში, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან თავშეყრილები“ - წერს ინტერნეტ პორტალი დრონი ჯი.
კოკოითმა კიდევ ერთი მტერი შეიძინა. რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს, თავისივე შუამავლობით, შერიგებისკენ მოუწოდა. კოკოითმა ფაძაევის დახმარებაზე უარი განაცხადა და მას პროვოკატორი უწოდა. ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ რუსეთი ცხინვალში მდგომარეობის განეიტრალებას არ ეცდება და მოვლენებს გარედან დააკვირდება. უფრო მეტიც, უმრავლესობა ვარაუდობს, რომ კრემლმა, შესაძლებელია, რეგიონში სიტუაცია გაამწვავოს.
სანამ თედეევსა და კოკოითს პრეზიდენტობისთვის ხელჩართული ბრძოლა აქვთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრი, ანატოლი ბარანკევიჩი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს, ცხინვალში დამოუკიდებელი კომისიის გაგზავნას სთხოვს. კრემლი კი ჯერჯერობით ჩარევას არ აპირებს და მოვლენების გარედან დაკვირვებას ამჯობინებს.
კომენტარები