მსოფლიო
ფაშისტი მმართველების სადო-მაზოხისტური ბუნება
2011-10-05 18:29:46
ჩამოტვირთვა
ფაშიზმი - საშიში იდეოლოგია, რომელსაც თავის დროზე მილიონობით ადამიანი უჭერდა მხარს.
ფაშისტი ლიდერები კი ხალხის მხარდაჭერასა და იდეოლოგიას საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ, თუმცა საბედნიეროდ მათი ყველა სურვილი ვერ განხორციელდა.
ფაშისტური იდეოლოგია იტალიაში 1910-იან წლებში ჩამოყალიბდა. ფაშისტური პარტია კი ხელისუფლებაში 1922 წელს მოვიდა და დიქტატურა დაამყარა. მოძრაობის ლიდერმა, ბენიტო მუსოლინიმ, ფაშიზმის დოქტრინა დაწერა. მოძრაობის წევრები მოსახლეობას საზოგადოების ყველა ფენის ინტერესების დაცვას პირდებოდნენ. მოძღვრება საკმაოდ პოპულარული იყო და ბევრი მხარდამჭერიც ყავდა. თავად მუსოლინი ამბობდა, რომ პირველი ფაშისტი იულიუს კეისარი იყო.
მუსოლინი ბრწყინვალე ორატორი და შესანიშნავი პროპაგანდისტი იყო. ბენიტოს საკუთარი თავი კერპად ჰყავდა გამოცხადებული, მისი პორტრეტები გამოკრული იყო ყველგან, იწერებოდა პოემები, იქმნებოდა სიმღერები, იდგმებოდა სპექტაკლები. მას-მედიის საშუალებები მუსოლინს ღვთისგან მოვლენილს უწოდებდნენ. მისი ლიდერობის დროს ქვეყანაში ახალი წესები შემოიღეს, აიკრძალა ქალებისთვის ხელის ჩამორთმევა. ყველა იტალიელი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ვალდებული იყო, შაბათობით მონაწილეობა მიეღო სამხედრო სწავლებაში.
დიქტატორს საკმაოდ აღვირახსნილი ცხოვრება ჰქონდა. იმდროინდელ ფრანგულ პრესას მის სადო-მაზოხისტურ გამოხტომებზე არაერთი სტატია გამოუქვეყნებია. მისი მეუღლე რაკელი მუსოლინის ვნებების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ექსტაზში შესულმა ბენიტომ მეუღლეს დანა ჩაარტყა. ხშირი ღალატის შემდეგ, მორწმუნე რაკელი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფაშისტებმა ოჯახი წმინდად გამოაცხადეს, ბენიტოს დაჟინებული თხოვნით, რაკელი კვლავ მეუღლეს დაუბრუნდა. 50 წელს გადაცილებულ ბენიტოს სიგიჟემდე შეუყვარდა 20 წლის კლარა პეტაჩი. მათმა კავშირმა თითქმის ოფიციალური სახე მიიღო, ხოლო მეუღლეს ამ ფაქტზე თვალების დახუჭვა კვლავ მოუწია.
თვალაცრემლებული "დუჩე"-ს ფოტოებმა, რომელიც გაზეთებში იბეჭდებოდა, მასაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. იტალიელებმა ირწმუნეს, რომ "დუჩე" თავმდაბალი და გულკეთილი ადამიანი იყო. ბენიტომ თავისი სასტიკი ხასიათი ჰიტლერთან დაახლოვების შემდეგ უფრო გამოავლინა.
ფიურერთან ახლო ურთიერთობის შემდეგ, მუსოლინმა სხვა ერების დევნა დაიწყო, განსაკუთრებით იდევნებოდნენ ებრაელები. 1936 წელს იტალიამ ეთიოპიის ოკუპაცია მოახდინა. მუსოლინიმ ირონიულად განაცხადა: „რომელ ხალხზე მელაპარაკებით, ეთიოპიელებზე? ეგენი ხომ მხეცები არიან”.
1941 წელს გერმანიის შემდეგ, საბჭოთა კავშირს ომი იტალიამ გამოუცხადა. როდესაც გერმანიის დამარცხება აშკარა გახდა, დიქტატორმა მოწინააღმდეგეებს შერიგებისაკენ მოუწოდა, რაზეც უარი მიიღო. იგი იძულებული გახდა, გაქცეულიყო, თუმცა პარტიზანებმა კლარა პეტაჩისთან ერთად საზღვარზე დააკავეს და დახვრიტეს.
ფაშიზმთან ასოცირდება გერმანიის ნაციონალური სოციალიზმი, იგივე ნაციზმი, რომელმაც მსოფლიოს საშინელი შედეგები მოუტანა. ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკამ უამრავი ადამინის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ჰიტლერის ამბიციებს მოყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც 60 მილიონი ადამიანი და, მათ შორის, 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.
ებრაელთა განადგურების გარდა, ჰიტლერის მეორე, მთავარი ამოცანა, გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა იყო. ფიურერს არ გაუმრათლა და საბოლოოდ დამარცხდა. განცდილი კრახის შემდეგ, 1945 წლის 30 აპრილს, მან მეუღლესთან, ევა ბრაუნთან, ერთად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფიურერმა და მისმა მეუღლემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, რის შემდეგაც ჰიტლერმა საფეთქელში ტყვია დაიხალა.
ფაშიზმის იდეებმა იტალიის შემდეგ პოპულარობა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში მოიხვეჭა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აიკრძალა. მოგვიანებით, ფაშიზმის იდეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰპოვა გამოძახილი, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა. დღესდღეობით, ფაშიზმის მიმდევრობა არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, რომელიც უკიდურეს ნაციონალიზმს ავლენს.
კომენტარები