მსოფლიო
ვიქტორ იუშჩენკო, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს
2011-09-29 15:03:29
ჩამოტვირთვა
უკრაინის პოლიტიკურ ასპარეზზე შესაძლოა ვიქტორ იუშჩენკო ხელმეორედ გამოჩნდეს. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პირველმა პირმა თავად გააკეთა, ახალი გეგმების თანახმად იუშჩენკო საკუთარ პარტია „ნაშა უკრაინას“ უმაღლესი რადას მომავალ არჩევნებზე თავად წარუძღვება და სწორედ ამ პარტიის სიით მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ექსპრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებას რაინდულს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია შეძლებს თუ არა იუშჩენკო პოლიტიკაში ახალი, რაინდული შემართებით დამკვიდრებას.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე, „ნაშა უკრაინას“ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ბონდარჩუკი პარტიული სიით იუშჩენკოს არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდიოდა. მიზეზად „ნარინჯისფერი რევოლუციონერის“ 2005–2010 წლებში პოლიტიკურ აპარეზზე მოღვაწეობა სახელდებოდა, ბონდარჩუკი მიიჩნევდა, რომ იუშჩენკოსათვის მაჟორიტარული სიით გასვლა, მისი კანდიდატურის მიმართ ხალხის განწყობას უფრო ნათელს გახდიდა, თუმცა საბოლოოდ პარტიამ ეს გადაწყევტილება შეცვალა.
იუშჩენკოს პოლიტიკური გეგმების პარალელურად უკრაინის პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები მას პოსტიდან ჩამოშორებას უპირებენ, რადგან მის პერსონას პოლიტიკური ორგანიზაციის განვითარებისთვის შემაფერხებელ ფაქტორად თვლიან, რამაც შესაძლოა პარტიის განვითარებას შეუშალოს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაშა უკრაინაში„ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და თავად ქვეყნის ყოფილი პირველი პირიც იმედიანადაა განწყობილი, საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ვიქტორ იუშჩენკომ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ ხუთი პროცენტის მოგროვება შეძლო. იმავე წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე კი, „ნაშა უკრაინა“ საერთოდ აუტსაიდერთა რიცხვში აღმოჩნდა.
კომენტარები