1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით მირცხულავა: ადამიანების შეცდომაში შეგნებულად შეყვანა და მათი დაშინება საჭირო არაა!

 

სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების მიზნით, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური, ენგურჰესი 20 იანვარს, სამი თვით გაჩერდა. ჰესზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 წლის წინ ჩატარდა. სამუშაოები მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში დათქმულ დროს, 2021 წლის 1 მაისს გაეშვას. უკვე ცნობილია, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია 45 მილიონი ევრო დაჯდება, აქედან 7 მილიონი ევრო _ ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი ევრო - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ „იბიარდის“ კრედიტი, რომელსაც საქართველო 15 წლით მიიღებს. სამუშაოებს ქართული, თურქული და გერმანული კომპანიები ჩაატარებენ. რემონტი ენგურჰესის სადერევაციო გვირაბს უტარდება და ამის შემდეგ, წყლის დანაკარგი შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ ჰესი წელიწადში, დამატებით, 100-120 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ენგურჰესი ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა ერთობლივადაა შესაძლებელი. ენგურჰესის გაჩერებით, საქართველო 400 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას დაკარგავს, მაგრამ ამით ქვეყანაში კრიზისი არ შეიქმნება. შარშანდელის მსგავსად, საქართველო დენს წელსაც აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან მიიღებს. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, მისთვის ენგურჰესის გაჩერება ენერგოსისტემის სრულ გაჩერებას ნიშნავს, თუმცა პრობლემა არც იქ შეიქმნება - სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს.

მართალია, ენერგოდეფიციტი არ გველის, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იმპორტის მოცულობა გაიზრდება. არადა, საქართველოს, როგორც უხვმდინარიან ქვეყანას, ჰიდროსურსების უდიდესი პოტენციალი აქვს. ამ ფონზე, სრულიად წარმოუდგენელია ის ისტერია, რაც ჩვენს ქვეყანაში ჰესების მშენებლობას ახლავს. არსებობს არცთუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ ეს ისტერია გარედან, კერძოდ, ჩრდილოელი მეზობლისგან იმართება... ენერგეტიკის ექსპერტთან, პროფესორ დავით მირცხულავასთან ინტერვიუს სწორედ ამ თემით ვიწყებ და გამოვთქვამ ეჭვს, რომ გარკვეული ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან, რათა საქართველომ საკუთარი რესურსები არ აითვისოს:

 

- ბატონო დავით, ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის იგივეა, როგორც მაგალითად, წინა საუკუნეში, ნორვეგიელებს უარი რომ ეთქვათ გაზის, ნავთობისა თუ საკუთარი ჰიდრორესურსის ათვისებაზე, ან აზერბაიჯანს - საკუთარ ნავთობსა და გაზზე, ან ისრაელს - ბოლო დროს აღმოჩენილ, საკუთარი ბუნებრივი გაზის მოპოვებაზე, ან აშშ-ს - ფიქალის გაზის მოპოვებაზე. არ მეთანხმებით?

დიდი მადლობა, რომ საუბარი ნორვეგიით დაიწყეთ, ქვეყნით, რომელმაც არა მარტო საკუთარი ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე არ თქვა უარი, არამედ, თითქმის მთლინად აითვისა და ითვისებს თავის მდიდარ ჰიდრორესურსს. ნორვეგიაში 1 660 ჰიდროსადგურია 31 837 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რაც საკუთარი ჰიდროპოტენციალის 96%-იან ათვისებას ნიშნავს. ჩვენ, საქართველოში 20%-ს ვერ გავცდით, ჩვენი ჯამური სიმძლავრის დასახელებაც ცოტა მერიდება ამ უზარმაზარ ნორვეგიულ ათვისებულ ჰიდროსიმძლავრესთან შედარებით და შემდეგ გვიკვირს, რატომ ვართ ასეთი ღარიბი ქვეყანა, ნორვეგია კი მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ხუთეულში ლიდერობს! ნორვეგია მთელ ევროპას აწვდის ჰიდროსადგურებიდან მიღებულ ელექტროენერგიას წყალქვეშა კაბელებით. ჩვენ კი, საკუთარი მოთხოვნის ჩვენივე რესურსით დაფარვის საშუალებას არ გვაძლევენ და ეტყობა, მათი მცდელობით, სამარადჟამოდ იმპორტის შემყურე უნდა ვიყოთ! ვინმე გონიერი ფიქრობს, რომ ნორვეგიაში გარემოს დამცველები არ ჰყავთ, ან კვალიფიკაცია არ ჰყოფნით? ისევე, როგორც იაპონიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, სამხრეთ კორეაში? გგონიათ, მათ ნაკლებად უყვართ თავიანთი სამშობლო? რა გითხრათ...

კითხვა ნორვეგიით დაიწყეთ, რომელიც წინა საუკუნის 50-იან წლებში ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო სკანდინავიაში, დღეს ის უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც არა მარტო ნავთობისა და გაზის ექსპორტს ახორციელებს თავისი ჰესებით, არამედ, როგორც აღვნიშნე, ელექტროენერგიის დიდი ექსპორტიორიცაა ევროპაში. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში საუბარი დავიწყეთ მეგაპროექტზე - წყალქვეშა კაბელის მშენებლობაზე რუმინეთამდე, ფაქტობრივად, საქართველოს ენერგოსისტემის პირდაპირ კავშირზე ევროპის გაერთიანებულ ენერგოსისტემასთან, მაგრამ ჩვენი ჰიდროპოტენციალის ათვისების გარეშე, ეს პროექტი არავისთვის იქნება საინტერესო...

- დღეს მცირე ჰესებსაც ისეთივე გამეტებით ებრძვიან, როგორც საშუალო და დიდ ჰესებს. მაშინ, რა ენერგიის გამოყენებას აპირებენ, თუ ფიქრობენ, რომ მომდევნო ათწლეულში საქართველოს მეტი ენერგია აღარ დასჭირდება?

- რა ენერგიის, ან „ვისი“ ენერგიის გამოყენებას აპირებენ, ეს იმ ადამიანებს და ზოგიერთ იმ პოლიტიკოსს უნდა ჰკითხოთ, რომლებიც ჰიდროპოტენციალის გამოყენებას „კრძალავენ“ საქართველოში. სამწუხაროა, როცა ადამიანს პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, ამ ქვეყნის მომავალ ბედ-იღბალზე საუბრობს და ის ელემენტარულიც არ იცის, რაც ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს. შევეცდები, მარტივად აგიხსნათ: მომდევნო 10 წელიწადში, 2030 წლისთვის, ძალიან კვალიფიციურ კვლევაზე დაყრდნობით, მაქსიმუმ, შეიძლება, 1300 მგვტ ქარისა და 520 მგვტ მზის ენერგიები ავითვისოთ. ოპტიმისტური გათვლებით, მზე მოგვცემს, დაახლოებით, 0.7 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას, ქარი - 3.561 მილიარდ კვტ/სთ-ს. იქნებ, გვითხრან, სხვა რა ენერგია გამოვიყენოთ, რომ საქართველოს შესაძლო მოხმარება, ანუ 23 მილიარდამდე კვტ/სთ დავფაროთ? ბრძანონ, რით აპირებენ ამის დაფარვას?! კარგი, დავეხმარები, 3.45 მილიარდი კვტ/სთ ანუ თბოელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგია იქნება აუცილებელი, რასაც დღეს არსებული ჰესებით გამომუშავებული 9 მილიარდი კვტ/სთ დაემატება, მაგრამ დანარჩენი ენერგია, ანუ 6.3 მილიარდი კვტ/სთ საიდან მოვიტანოთ? იმპორტი, ალბათ, არა, ბატონებო? ჩვენი ეკონომიკის მუდამ იმპორტზე დამოკიდებულება, არა?  

„პოლიტიკოსების“ შემდეგ, პირველ რიგში, ამ ელემენტარული საკითხით ნებისმიერ ადამიანს მივმართავ: გთხოვთ, დაუსვით ამ პოლიტიკოსებს ასეთი კითხვა. „რადიკალური გარემოს დამცველი“ ჯგუფების პოზიცია ჩემთვის გასაგებია და დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველოში ჰესები არ უნდა აშენდეს, სხვა მოგვამარაგებს!

- ნამახვანჰესთან, კერძოდ, მის დაგეგმილ გრავიტაციულ კაშხალთან დაკავშირებით განაცხადეთ, რომ სეისმურად მდგრადი და საიმედოა. ეს ნიშნავს, რომ კაშხლები საიმედოა და მათ უსაფრთხოებაზე ფიქრი გაზვიადებულია?

- ვადასტურებ, ნამდვილად განვაცხადე, რომ ბეტონის გრავიტაციული კაშხლების სეისმური ფაქტორით ნგრევის ფაქტი მსოფლიოში არასდროს დაუფიქსირებიათ და ეს სრული ჭეშმარიტებაა. ერთი ბეტონის კაშხალიც არ დაზიანებულა 10 წლის წინ ჩილეში, მაულეს 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს და არც - 2008 წელს, ვენჩუნის 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს ჩინეთში, არც - 2011 წელს, ტოჰოკუს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს იაპონიაში. 

იმას, რომ ბეტონის კაშხლები მიწისძვრების დროს არ დაზიანებულა და არ დანგრეულა, თავისი ახსნა აქვს. სეისმური მდგრადობის თვალსაზრისით, დიდი კაშხლები სისტემურად დაპროექტებული პირველი ნაგებობებია. ზოგადად, ბეტონის კაშხლები იყო პირველ ნაგებობათა შორის, რომელთა პროექტირების დროს, გათვალისწინებული იყო სეისმური დატვირთვა. მარტივად რომ ავხსნა,  მაგალითად, დიდ კაშხლებს უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მიწისძვრას განმეორადობის  პერიოდით _ დაახლოებით, 10 000 წელი, ხოლო  სამოქალაქო შენობები და ხიდები, ჩვეულებრივ, შექმნილია მიწისძვრისთვის, რომლის განმეორადობის პერიოდი 475 წელია. ეს არის სამშენებლო კოდების ტიპური მოთხოვნა დასავლეთის ქვეყნებში და ამ ფაქტს ხშირად აღნიშნავს უამრავ პუბლიკაციაში, დარგის უდიდესი ავტორიტეტი, მარტინ ვიელანდი, როცა ბეტონის კაშხლების მაღალ საიმედოობაზე საუბრობს და ადარებს მათ სხვა ტიპის ნაგებობებს.

- ეტყობა, ამიტომ თქვა გარემოს ზოგიერთმა დამცველმა ირონიულად, სოციალურ ქსელში, მირცხულავამ „დაგვამშვიდა“, მაგრამ ფაქტები ჯიუტიაო და ამის შემდეგ, მაგალითის სახით, იტალიაში, კაშხალ ვაიონტზე მომხდარი ავარია მოიყვანა.

- ძალიან სამწუხაროა, რა „ფაქტების სიჯიუტეზეა ლაპარაკი“ და რა ირონიაზე, რომელ ფაქტს ასახელებენ?! გაუგებარია კავშირი სეისმურ დატვირთებსა და კაშხალ  ვაიონტთან მომხდარ ავარიას შორის. ნამდვილად გაუგებარია, რადგან ეს ამ საკითხში ელემენტარულ გაუთვითცნობიერებლობასა და დილეტანტიზმსაც არ  ნიშნავს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა! სიმართლე ისაა, რომ ნამდვილად არავის ვამშვიდებ, უბრალოდ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფაქტს აღვნიშნავ, რომ ბეტონის კაშხლები სეისმური დატვირთვებისგან არ დანგრეულა. შესაბამისად, ადამიანების შეცდომაში შეგნებულად შეყვანა და მათი დაშინება საჭირო არაა! რაც შეეხება ასეთ სეისმურ დატვირთვებს, მუდმივად ვაცხადებ, რომ ზოგადად, ამ დატვირთვას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს კაშხლების პროექტირების, ასევე, ექსპლუატაციის დროს.

მაგალითად, საქართველოში გვაქვს „ასაკიანი“ კაშხლები, ბევრი არა, მაგრამ გვაქვს.  მათი საშუალო ასაკი 60 წელს აღემატება, ამიტომ მათი პროექტირების წლებიდან, ანუ წინა საუკუნის 40-50-იანების შემდეგ, საგრძნობლად  დაიხვეწა და განვითარდა კაშხლების ანგარიშების მეთოდები, როგორც სტატიკურ, ასევე, დინამიურ დატვირთვებზე, არსებობს ახალი მონაცემები კაშხლების ადგილმდებარეობის სეისმურ პარამეტრებზე. აქედან გამომდინარე, როგორც უამრავ ქვეყანაში ატარებენ „ასაკიანი“ კაშხლების დეტალურ ინსპექტირებას და სეისმური ახალი პარამეტრების გამოყენებით, მათი დაძაბული მდგომარეობის თანამედროვე მეთოდებით  სტატიკურ და დინამიურ ხელახალ ანგარიშებს, საქართველოში, ეს ჩვენც ნამდვილად და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ესაა დიდი კაშხლების კომიტეტის რეკომენდაციაც ამ ტიპის ნაგებობების მეპატრონეებისთვის საქართველოში, მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

რაც შეეხება კაშხლებზე მომხდარ ინციდენტებსა და ავარიებს, მინიმუმ, 500-ზე მეტი ფაქტისა და მასალის, კომისიური შესწავლის დოკუმენტების, ანალიზის გადაცემა შემიძლია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ნამდვილად აინტერესებთ და არა მარტო ვაიონტის კაშხალზე იტალიაში, არამედ, საფრანგეთში მალპასეზე და ასე შემდეგ, მაგრამ სეისმურ დატვირთებთან, მათ კავშირი არ აქვთ. ამ ავარიების მიზეზები სხვა ფაქტორებია და მათ უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს ნებისმიერი კაშხლის კვლევის, პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე.

შეგახსენებთ, ენგურის თაღოვანი კაშხლის მშენებლობის დროს, ინსტალირებული იყო 5000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა გამზომი სისტემა, რომელთა საშუალებით, მიმდინარეობდა ნაგებობის უსაფრთხოების სხვადასხვა მახასიათებლების კვლევა მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე. უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემები ამჯერადაც გაცილებით დაიხვეწა, განვითარდა, ის უმნიშვნელოვანესია და აუცილებელია ნებისმიერი კაშხლის ექსპლუატაციის დროს.  მინდა შეგახსენოთ, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს, უფრო სწორად, რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას 90-იანი წლების ბოლოს, სწორედ ენგურის თაღოვანი კაშხლის უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემის სრული რეკონსტრუქცია უძღოდა წინ, რომელიც შვეიცარიის მთავრობის დახმარებით განხორციელდა. საქართველოში არსებულ კაშხლებზე თანამედროვე მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემების მოწყობა-დამონტაჟებას, მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დღესაც მუდმივად ვითხოვთ.

- ბატონო დავით, იყო თუ არა რაიმე დაზიანების, ან ავარიის კვალი 1991 წელს, საქართველოში, რაჭის ცნობილი 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად რეგიონში განლაგებულ კაშხლებზე, როცა მართლაც, უამრავი ნაგებობა განადგურდა და მსხვერპლიც იყო?

- რაჭის მიწისძვრის შემდეგ, იმ პერიოდში, საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ძალებით, რეგიონში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსპექციური შესწავლა ჩატარდა. შესწავლამ ვერ გამოავლინა რაიმე უმნიშვნელო დაზიანების კვალიც კი, ეპიცენტრთან ახლოს განლაგებულ კაშხლებზე.

- დავუბრუნდეთ ნამახვანის პროექტს და მის გრავიტაციულ კაშხალს, რომლის მშენებლობასაც ეწინააღმდეგებიან და აპროტესტებენ. რას გვეტყვით ამ კაშხლის სეისმომედეგობაზე, რამდენად საიმედოა?

- ნამახვანჰესის კაშხლის სეისმოდეგობასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები შეესაბამება დიდი კაშხლების საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. სეისმური პარამეტრები ამ ორგანიზაციის 148 ბიულეტენის „სეისმური პარამეტრების შერჩევა დიდი კაშხლებისთვის, რეკომენდაციები“ გათვალისწინებით შეირჩა და შესაბამისად განხორციელდა კიდეც. ეს ბიულეტენი მომზადდა დიდი კაშხლების დაპროექტების სეისმური ასპექტების საკითხების კომისიის თავმჯდომარის, მარტინ ვიელანდის ხელმძღვანელობით და მის დამუშავებაში მონაწილეობდნენ მრავალი ქვეყნის საუკეთესო მეცნიერები.

ნამახვანის კაშხლის ანგარიშები სტატიკური და დინამიური დატვირთებისთვის  შესრულდა სამგანზომილებიანი ამოცანისათვის, სასრულ ელემენტების მეთოდის გამოყენებით. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გულისხმობს მნიშვნელოვანი დიდი კაშხლების შესწავლას შესაძლო მაქსიმალური მიწისძვრების 10 000 წლიანი განმეორადობის პერიოდისათვის. ამ კაშხლისთვის უაღრესად მაღალი სეისმური მოცემულობის შემთხვევაში, 200 000-წლიანი განმეორადობის მიწისძვრისთვისაც   ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საკვლევი კაშხალი ასეთ მიწისძვრასაც უძლებს.

საქართველოში ამ სამუშაოს რეცენზირება შეასრულა პროფესორმა არჩილ მოწონელიძემ, რომელის ნაშრომები მრავალ ქვეყანაშია გამოქვეყნებული და  სწორედ ის იყო პირველი საქართველოში, ვინც სასრული ელემენტების მეთოდი გამოიყენა დატკეპნილი ბეტონის გრავიტაციული კაშხლების სტატიკური და დინამიური ანაგარიშებისთვის, ჯერ მისი კანადაში ხანგრძლივვადიანი მივლინების დროს, ხოლო შემდეგ პერიოდში, უკვე საქართველოში. არსებობს ცნობილი უცხოელი სპეციალისტის დადებითი რეცენზიაც. რამდენიმე მეცნიერი დღესაც ეცნობა ამ ნაშრომებს და ასეთი რეცენზირების პროცესი პროექტთან დაკვშირებულ ნებისმიერ კვლევაზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს.

მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობებში, რა მეთოდებით იქნება უზრუნველყოფილი ასეთი კაშხლის უსაფრთხოება და საიმედოობა?

ზოგადად,  კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველია „ნაგებობის უსაფრთხოების მონიტორინგის ავტომატიზებული სისტემა“. ნამახვანის კაშხლის მონიტორინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ყველა  მაკონტროლებელ პარამეტრზე, მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მონაცემზე სრული და უწყვეტი მონიტორინგი, ასევე, მონაცემთა სრულყოფილი ანალიზი მოთხოვნილი პერიოდულობით. სისტემა ავტომატურ რეჟიმში უნდა აკონტროლებდეს მოქმედი კონსტრუქციების ნებისმიერ მდგომარეობას და ამის შესახებ შეტყობინებას უგზავნიდეს ობიექტის, ოპერატიულ პერსონალს.

ნამახვანის კაშხლის მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით, პროექტით უზრუნველყოფილია მუდმივი კონტროლი ისეთ პარამეტრებზე, როგორებიცაა კაშხლის ფარდობითი და ჯამური გადადგილებები, კაშხლის კონსტრუქციული  ნაკერების გახსნა-დახურვის მუდმივი კონტროლი, გეოდეზიური აგეგმვა, ჯამური და აბსოლუტური  გადაადგილებების მონიტორინგი, დაძაბულ-დეფორმაციული მდგომარეობის მონიტორინგი, ფილტრაციის შესწავლა კაშხლის ტანში, ფუძეში, ნაპირებში და ასე შემდეგ. მოკლედ, უნდა განხორციელდეს უწყვეტი მონიტორინგი ნაგებობის უსაფრთხოებისა და საიმედოობის ყველა საკონტროლო პარამეტრზე. ასეთია კონცეპტუალურად ნებისმიერი ამ ტიპის ნაგებობის უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფის საფუძვლები მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე.

- ჰესების პროექტებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს თუ არა საექსპერტო საზოგადოებაში აკადემიური განხილვები გარემოს დამცველებთან ერთად, იქნება ეს  ნამახვანის თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, რადგან სწორედ ასეთი განხილვებია მართებული და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს.

- სამწუხაროდ, არა და ეს ძალიან დასანანია. დღეს წინა ფლანგზე ის რადიკალურად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთნებიან ამ პროექტებთან დაკავშირებულ, რომელიმე დარგის სპეციალისტებს. ამ პროცესების რადიკალიზაციამ და შექმნილმა გარემომ, ფაქტობრივად, განხილვების პროცესს ჩამოაცილა პროფესიონალები. ვფიქრობ, ესეც იყო მიზანი იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ პროცესების რადიკალიზაციას გეგმავდნენ. დაუკვირდით, საჯარო სივრცეში, პროექტებზე საუბრობს ყველა, გარდა იმ ადამინებისა, რომელთა აზრიც პროფესიული თვალსაზრისით, საინტერესო უნდა იყოს გადაწყვეტილების მისაღებად - პროექტის ავტორების, ჰიდროლოგების, ჰიდროინჟინრების, გეოლოგების, კლიმატოლოგების, ეკოლოგების, მაკროეკონომისტების, სოციოლოგების და ასე შემდეგ.

მოკლედ, ცივილური  და მეტად საჭირო განხილვის ნაცვლად, ისმის მუდმივი გინება, წყევლა. არ ჩათვალოთ, რომ უბრალო ადამიანების - პროექტის არეალში მცხოვრებთა აზრი არ უნდა ისმოდეს, ან არ უნდა იყოს გათვალისწინებული. პირიქით, ეს აუცილებელია, მაგრამ ამ რადიკალიზაციამ ეს ადამიანებიცა და მათი დიდი ნაწილიც, სამწუხაროდ, ამ პროცესებს ჩამოაცილა.  

- დღეს ყველა საუბრობს „ნახშირბადის ნულოვან მიზანზე“, „კლიმატურ ნეიტრალურობაზე“, „მწვანე წყალბადზე“, „ნახშირბადური კვალის გადასახადზე“ და ევროპაში გაცხადებულ ამბიციურ მიზნებზე - 2050 წლისთვის, სრულად გადავიდნენ  განახლებად ენერგოწყაროებზე. მაგალითად, გერმანიაში საუბრობენ „მწვანე წყალბადის“ პერსპექტივებზე და  ამ პროდუქტის იმპორტის ზრდაზე ევროპაში. მრავალი ქვეყნისთვის, რომელსაც განახლებადი ენერგიის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, დიდი პერსპექტივა აქვს „მწვანე წყალბადის“ საწარმოებლად. დღევანდელი ბრძოლა ჰესების წინააღმდეგ, საქართველოს ამ მიმართულებითაც ხომ არ უკარგავს უდიდეს პერსპექტივას?

სწორედ ასეა! ჰიდროენერგია ჩვენი განახლებადი, უდიდესი რესურსია და მისი ათვისების ბლოკირება, ფაქტობრივად, პერსპექტივაში ნულამდე დაიყვანს ქვეყნის დიდ შესაძლებლობას „მწვანე წყალბადის“ წარმოების განსავითარებლად. პროდუქტის, რომელიც შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში, ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტი გახდეს, უდიდესი მნიშვნელობა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ასევე, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაში.

მსოფლიო მიზნად ისახავს, დააჩქაროს ცვლილებები დაბალი ნახშირბადური განვითარებისა და შესაბამისი ენერგეტიკული სისტემების შექმნისკენ, რაც საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება  და  მონაწილეობა მიიღოს ისეთი კლიმატური გლობალური ამოცანის გადაწყვეტაში, როგორიცაა, შეიზღუდოს გლობალური ტემპერატურის ზრდა 1.5 გრადუსამდე ცელსიუსით. აშკარაა, რომ ენერგეტიკის სექტორში, მისი შემდგომი განვითარების საქმეში, უკვე უახლოეს ათწლეულში, მწვანე წყალბადს გადამწყვეტი როლი ექნება. ამ მიმართულებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს თავისი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისებით და მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპოტენციალის ათვისებით, მოიზიდოს მილიარდობით უცხოური ინვესტიცია, შექმნას ასიათასობით ახალი სამუშაო ადგილი, მიაღწიოს ეკონომიკის მდგრად სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას.

 

წყარო : http://versia.ge/index.php/versia/21-middle-east?fbclid=IwAR1ZyKWLtmKifzygKxq93E0JcBeSsgfl7veykFo3wYxKXh-QVfSH-nMKV8M

კომენტარები

მსგავსი სიახლეები