1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „თიბისი ლიზინგმა“ პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დააფინანსა

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც პირველად დაფინანსდება ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა. 

2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს  3%-იანი თანადაფინანსებით, ლიზინგის შემთხვევაში კი რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5% იანი თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში დაეხმარება. 

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო კი, მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება. 

საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. 

აღსანიშნია, რომ ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორიისათვის მეთევზის სიმულატორის შეძენა სწორედ მეთევზე-ლიცენზიანტების ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა. თანამედროვე სიმულატორი ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. ფოთის საზღვაო სასწავლებელი უახლოეს მომავალში ქვეყნის საზღვაო თევზჭერის დარგს კვალიფიციური კადრებით მოამარაგებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები