1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი აუცილებელია“-ირაკლი კაკაბაძე

„დღეს ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლის მოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი კაკაბაძე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

კაკაბაძის თქმით, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ცხადია, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ახლა გარდამტეხი პერიოდია. ან ჩვენს პოლიტიკაში მოვა ახალი ძალა, ახალი ხედვით და ახალი სისხლით, - ან ჩვენი სახელმწიფოებრიობა დამთავრდება.

„საქართველოს დღეს ნამდვილად სჭირდება ახალი მარშალის გეგმა, დღევანდელ ქართულ პოლიტიკას და ეკონომიკას ნამდვილად სჭირდება მასიური დასაქმების პროგრამები, რომლებიც პროფესიონალურად იქნება წარმართული გამოცდილი და საქმეში უკვე წარმატებული მენეჯერების მიერ. დღეს ქართულ პოლიტიკაში ჩემთვის, როგორც პოლიტიკური მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისათვის, მკვეთრად იგრძნობა კარგი სპეციალისტების და თავისი საქმის კარგად მცოდნეების ნაკლებობა.  ახლა ქვეყანას სჭირდება კარგად დაწერილი გეგმა, რომელიც მას ამ დიდი კრიზისიდან გამოიყვანს. დღეს მე მიხარია, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ახალი ძალა და აგრეთვე სხვადასხვა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობილ არგუმენტებს გვთავაზობს - და არა მხოლოდ სიძულვილით გაჟღენთილ რიტორიკას, რომელიც ლამისაა, მთელს ქვეყანას ყელში ამოუვიდა. “ცუდი, კიდევ უფრო ცუდი, და საშინელი“ - აი, ეს არის ამ ორპარტიული სისტემის მთავარი დამახასიათებელი სისტემა, სადაც ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვირჩევთ არა კარგსა და უკეთესს შორის - არამედ ცუდსა და უარესს შორის,“-წერს კაკაბაძე. 

კაკაბაძე ასევე წერს, რომ ქვეყანაში არის უკმაყოფილო ხალხიც, ვინც სოციალურად და პოლიტიკურად დაიჩაგრა არსებული ფიზიოკრატიულ-ნეოლიბერალური სისტემის მიერ და მათ უჭირთ დღეს ზუსტი არჩევანის გაკეთება.

„დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია - და ეს გასაგებიც არის. ხელისუფლებას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. მაგრამ არის უკმაყოფილო ხალხიც - ის ხალხი, ვინც სოციალურად და პოლიტიკურად დაიჩაგრა არსებული ფიზიოკრატიულ-ნეოლიბერალური სისტემის მიერ. და ჩვენ, ამომრჩევლებმა უნდა მოვითხოვოთ ისეთი ძალის მოსვლა, რომელიც ამ მატერიალისტურ-ნეოლიბერალურ სისტემას შეცვლის სოციალურად და ეკონომიკურად სამართლიანი სისტემით, სადაც მხოლოდ ერთეულები არ იქნებიან ‘წარმატებულები” და მილიონები არ იქნებიან ბედის ანაბარად მიგდებული. დღეს საქართველოსთვის საჭიროა პროგრესული, მაგრამ ამავე დროს არამატერიალისტი ძალის გამოჩენა, რომელიც ფიზიოკრატების მიერ დასახულ ხელოვნურად შექმნილ უკმარისობას და შიმშილს დაამარცხებს არა სხვა პარტიებთან კინკლაობით და ჩხუბით - არამედ გონივრული ეკონომიკური და სოციალური პროგრამით. საქართველოსათვის დამღუპველია ივანიშვილი-სააკაშვილის დიქოტომია.

საქართველოს სჭირდება ახალი სისხლი. სააკაშვილი არის წარსული - და საუბედუროდ, ის არის საქართველოს სადისტური წარსული, რომელიც აგრეთვე დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და ბევრ სხვა დანაშაულთან. და ქართული სახელმწიფოს საფუძვლის ჩამყრელი არ არის მიშა სააკაშვილი - ეს უეჭველია. ქართული სახელმწიფოს საფუძვლის ჩამყრელი არის ქართველი ერი და მისი პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. დღეს კი, მე, როგორც რიგით ქართველ ამომრჩეველს, არ მინდა ახლო და მტკივნეულ წარსულში და აწმყოში დაბრუნება - მე მინდა ახალი სისხლი ქართულ პოლიტიკაში. დიახ, მე მინდა, რომ გაუქმდეს და აიკრძალოს მევახშის ინსტიტუტი. დიახ, მე მინდა, რომ “მარშალის გეგმის” წყალობით დამყარდეს სოციალური სამართლიანობა, სადაც ბავშვები მშივრები აღარ იქნებიან. დიახ, მე მინდა, რომ საქართველოს ლიდერი არ იყოს სადისტი, რომელიც ტკბება ადამიანების დატყვევებითა და გაუპატიურებით. დღეს ჩვენ, როგორც არასდროს, ახალი სისხლი გვჭირდება - და ეს არჩევნები გარდამტეხი მომენტია ამისათვის,“-წერს ირაკლი კაკაბაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები