1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ ვუჭერ მხარს „ლელოს“

ოქტომბრის არჩევნები სულ უფრო  გვიახლოვდება.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრაა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რადგან კორუმპირებული  ე.წ. „მაჟორიტარული სისტემის“ უარყოფისა და თითქმის მთლიანად „პროპორციულზე“ გადასვლის შედეგად, პირველად გვაქვს შანსი, გავაკეთოთ „მესამე არჩევანი“ - არ ჩავიკეტოთ „ცუდსა და უარესს“, „ძველსა და ყოფილს“ შორის, მოვძებნოთ ახალი, თუმცა სერიოზული და იმედისმომცემი „მესამე ძალა“, ვისაც შეიძლება ვენდოთ.

რა შეიძლება იყოს კრიტერიუმი, თუკი ვლაპარაკობთ მართლა უნარიან „ახალ ძალაზე“ და არა „ქრონიკულ  პოლიტიკოსებზე“, ვინც ნამდვილ საქმეში, ხელისუფლებაში, მთავრობაში ჯერ არ გვინახავს, სხვა კი არაფერი გაუკეთებიათ, პოლიტიკის მიღმა?

ალბათ ერთადერთი ის, რაც „პოლიტიკის მიღმა“ კეთდება და უნარს ამჟღავნებს:  დიდი მშენებლობა, რთული სისტემების შექმნა, საერთონაციონალური მასშტაბის ინსტიტუტთა დაფუძნება, მათი გამართული მუშაობა, ახალი იდეების მუდმივი გენერირება და სასტიკ გამოწვევებზე პასუხის ჩვევა.

„ლელო“-მ გამოაქვეყნა ალბათ საუკეთესო საარჩევნო დოკუმენტი: „მარშალის გეგმა“ - საქართველოს სრული ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის პროგრამა: ყოვლისმომცველი, ღრმა, თუმცა იოლად აღსაქმელი და აბსოლუტურად არაპოპულისტური - მხოლოდ ახალ იდეებზე და გათვლებზე დაყრდნობით.

როგორ ვუპასუხოთ მთავარ კითხვას:  შესწევს თუ არა უნარი „ლელო“-ს და მის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს შეასრულოს ეს პროგრამა? რა კრიტერიუმი გამოვიყენოთ ამის შესაფასებლად? რა თქმა უნდა, უკვე გაკეთებული საქმე და 25 წლის განმავლობაში აშენებული ინსტიტუტები.

არა მხოლოდ ქართული სამეურნეო კულტურის მარგალიტი, „მესხეთის ტერასები“,  ასევე „ხიზაბავრას“  აბსოლუტურად არაკომერციული, ემოციური, ეროვნული პროექტი;  არა მხოლოდ გადარჩენილი, აღორძინებული და საქართველოსათვის ბოლომდე შენარჩუნებული „ბორჯომი“ ან „გურიელი ჩაი“, უმაღლესი კლასის ღვინის კომპანიები, „ლისი დეველოპმენტი“ და სხვა მრავალი წარმატებული ბიზნესი, არამედ მათგან ყველაზე რთული და პასუხისმგებელი - TBC ბანკი, რომელიც მამუკამ დაარსა იმ დროს, როცა ჯერ კიდევ საეჭვო იყო,    გამოვიდოდა თუ არა ქვეყანა სამოქალაქო ომისა და საზარელი ანარქიის ჭაობიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გავიხსენებ დღევანდელობასთან კონტრასტში:

თბილისის გარეუბანი. შევდივარ დიდი ბანკის ფილიალში. გაწკრიალებული, გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი, ზრდილი პერსონალი, არავითარი რიგი და ზედახორა, არანაირი ჩხუბი და აყალმაყალი: ავტომატურად გაცემული რიგის ნომერი, კეთილგანწყობილი ოპერატორები, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება.......

მისვლაც არ არის საჭირო: ინტერნეტ-ბანკით ან მობილური აპლიკაციით ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება შეიძლება: კომუნალური გადასახადების გადახდა, დეპოზიტების მართვა, თანხის გადარიცხვა, სესხის აღება, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის შეკვეთა......

შეუძლებელია არ გაგახსენდეს სულ სხვა ეპოქა და სხვა სივრცე: 1996 წელი,  დაახლოებით იგივე ადგილი, ყოფილი საბჭოთა „შემნახველი სალაროს“ მემკვიდრე ფსევდობანკი: ჩახავსებული ინტერიერი, გამოუძინებელი დაცვა, რიგი, ზედახორა, ჩხუბი, ლანძღვა, დაღლილი და მოუმზადებელი პერსონალი, უმცირესი ოპერაციისათვის აუცილებელი ქაღალდების დასტა, გაუგებარი სატელეფონო ზარები, ლოდინი, უხეშობა, მეორე დიდი რიგი, უკვე სალაროსთან და ასე შემდეგ.

დღეს თუ რომელიმე ინსტიტუტი და სერვისია  საქართველოში დასავლეთ ევროპის (არა უბრალოდ ევროპის, არამედ ზუსტადაც დასავლეთ ევროპის!) დონისა მომსახურების ხარისხით და კრეატიულობით, სწორედ კომერციული ბანკებია. მათ შორის TBC ბანკი.

მერე და.....მარტივად თუ დავსვავთ მთავარ კითხვას: „ეს თავისით მოვიდა?“.

თუ „კი“, მაშინ სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რატომ არ „შესრულდა“, იქ რატომ არ შეიქმნა, სხვაგან რატომაა ისევ ის ძველი საბჭოთა „აურა“ ბანკებში?

საქართველოში, მაგალითად, TBC ბანკის ფილიალს ამ მხრივ ვერც  გაარჩევთ პარიზის Societe generale ან ლონდონური LLoyds განყოფილებებისგან. გავბედავ ვთქვა, რაღაცით სჯობს კიდეც თუ მომსახურების დონე და კომფორტი გვაქვს მხედველობაში არა ელიტური, არამედ სწორედ მასობრივი მომხმარებლისათვის.

რატომ გაკოტრდა უამრავი ბანკი ჩვენშიც და სამეზობლოშიც, „ხაზარაძის ბანკს“ კი საქართველოს მოსახლეობის 40% (!)  ანდობს დანაზოგს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„თავისით“ ეს არ ხდება და ვერც მხოლოდ „ფული“ შექმნის. სადაც ფულმა და მოთხოვნამ შექმნა, იქ ლამის საუკუნეები დასჭირდა ამგვარი სისტემის „აწყობას“. საქართველოში კი სულ 20 წლის განმავლობაში „მოეწყო“. იმიტომ, რომ ამ საქმეს ჰყავდა ლიდერი - ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანი, ორგანიზატორული უნარით, გუნდის „შეკვრის“ გამოცდილებით, ავტორიტეტით, პასუხისმგებლობის შეგნებით და შენების სურვილით.

გურამ რჩეულიშვილი რომ ამბობდა: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“.

მამუკა ხაზარაძემ ააშენა ძალიან რთული სისტემა. მით უმეტეს საქართველოსათვის რთული - ჩვენი ქვეყნის თავისებურებების და საზოგადოებრივი თვისებების გათვალისწინებით.  არა მხოლოდ TBC ბანკი, სხვა მრავალი ბიზნესიც, მაგრამ ბანკი მაინც ყველაზე დიდი და მრავალგანზომილებიანი  ინსტიტუტია.

ნიშანდობლივია, რომ სხვა ქართული ბანკებისაგან განსხვავებით, ვისი მფლობელის, ლიდერის, მენეჯერის, აქციონერების შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის „ვიწრო ელიტური  წრის“ გარდა, TBC მუდამ „პერსონალიზებული“ იყო მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა  აქციათა 80% საერთაშორისო ბაზარზე გაიტანეს. თავისუფლად შეეძლოთ „არაფრიდან“ შექმნილი ბანკი არ გაესხვისებინათ, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ჯანსაღი ამბიცია ამოძრავებდათ.

სწორედ ეს ამბიცია იქცა იმის წინაპირობად,  რომ TBC დღეს ყველაზე პრესტიჟულ, ლონდონის ბირჟზე ფიგურირებს, როგორც მსოფლიო საბანკო ტიტანთა  „უმცროსი ძმა“, თუმცა თანასწორუფლებიანი პარტნიორი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

წარმატება ყველგან და ყოველთვის დიდი რისკია. მით უმეტეს საქართველოში. „მე ხომ  გენიოსი ვარ“, „ყველა სხვაზე ნიჭიერი ვარ“  და თუ ვინმემ ჩემზე მეტ წარმატებას მიაღწია, „რაღაცაშია საქმე“. მით უმეტეს, როცა ბანკირს ეხება...... იქ „სათქმელს“ რა დალევს?

ჩვენს ქვეყანაში ანტისაბანკო ისტერია ყველაზე ავ, ბოროტ და ფანატიკურ მითებში ჩაეხვა, რაც კაცობრიობამ დიდი ხნის წინ „მოიხადა“ თითქოს: დაწყებული „ბოროტი ებრაელების“   მასონური  შეთქმულებით, „როტშილდთა იმპერიის საცეცებით“, დამთავრებული ე.წ. „მევახშეობით“ და ლამის „რასკოლნიკოვის ვნებებით“.

საოცრად ძნელი აღმოჩნდა პოსტსაბჭოური ქართული  საზოგადოებისათვის იმის ახსნა, რომ საბანკო საქმე არ არის მევახშეობა: „მევახშეობა“ ბუდობს ე.წ. „მიკროსაფინანსოებში“, ასევე ე.წ. „კერძო იპოთეკარებში“. ცივილიზებული ბანკი მხოლოდ „გამტარია“, მხოლოდ შაუმავალია, „სერვისია“, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა ერთი ჯგუფი სანდოდ ინახავს დანაზოგს, აბანდებს კაპიტალს, სარგებლობს პროცენტით, ხოლო მეორე, - არემონტებს ბინას, აშენებს სახლს, იღებს კრედიტს და ავითარებს ბიზნესს.

ბანკი ეკონომიკას „ჟანგბადს“ აწვდის, ზოგჯერ კი „ჟანგბადის ბალიშიც“ ხდება კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

სწორედ ამ ინსტიტუტის წყალობით მოხერხდა ქევყანაში ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა - ეკონომიკის მთელი სექტორების სწრაფი განვითარება, უამრავი სამუშაო ადგილის, სერვისის, პროდუქტისა  და სხვა სიკეთის შექმნა, რასაც ყველანი ისე მივეჩვიეთ, ჰაერივით ბუნებრივად და „მარადიულად“ გვეჩვენება.

სინამდვილეში ასე არ არის.

ოღონდ ბანკი ეკონომიკის განუყოფელი, სისხლ-ხორცეული ნაწილია. იგი შეიძლება იყოს უფრო კომფორტული, ვიდრე სხვა სექტორები, თუმცა ვერ იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი ეკონომიკა.

სესხის პროცენტი ნამდვილად ვერ დაიწევს პატარა  ქვეყანაში, რომლის იმპორტი სამჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს, ხოლო საკრედიტო რეიტინგი ჯერ BB+ დონეს ვერ ასცილებია; ტერიტორიის 20% ოკუპირებულია მტრის მიერ,  საზღვაო სანაპიროს 61% კი კვლავაც მიუწვდომელია. ამ უმძიმეს  ვითარებაში რისი გაკეთებაც მოხერხდა, მაინც უდიდესი გამარჯვებაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მამუკა ხაზარაძის დაფუძნებული ბანკი, სინამდვილეში, მხოლოდ მამუკა ხაზარაძის არ არის.  იგი საერთო-ქართული წარმატების მაგალითია, რითაც საკუთარ თავს ვუმტკიცებთ, რომ ქართველებს,  ბოლო წლებში უამრავი მარცხის მიუხედავად, ბევრი რამ შეგვძლებია  საქმის სიყვარულით, ერთგულებით და „შენების ვნებით“. 

 

დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი. ისტორიკოსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები