ბიზნესი
ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო
2020-09-23 10:40:44
ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. ხორბლის ეს ჯიში გავრცელებული იყო რაჭა-რეჩხუმში, ამჟამად კი, ის გადაშენების პირასაა. სწორედ ლეჩხუმიდან დაიწყო მანონი ახვლედიანმა ზანდურის სახეობის აღდგენა და პოპულარიზაცია.
თიბისის მხარდაჭერით, მან ლეჩხუმის რაიონის სოფელ ღვირიშში ეთნოგრაფიული სივრცე მოაწყო, რომელიც აერთიანებს საოჯახო სასტუმროს „ზანდურის სახლი“, უძველეს მარანს, სადაც ავთენტური გემოების კერძებით გაგიმასპინძლდებიან და ეთნოგრაფიულ მასალებს ზანდურის ჯიშის ხორბლის შესახებ. რაც მთავარია, მანონი ახვლედიანს უკვე მეორე წელია მცირე ფართობზე ზანდურის ჯიშის ხორბალი მოჰყავს.
„ეს უნიკალური ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს თესლის სერთიფიცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში მხოლოდ აქ, ჩვენს რეგიონში მოყვანილ ზანდურს შეიძენენ. საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს სახელი აღიდგინოს,“ - ამბობს მანონი ახვლედიანი.
ახლა მეწარმე ხორბლის მესამე მოსავლის დასათესად ემზადება, მიღებულ თესლს ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ურიგებს, რითაც ლეჩხუმში ზანდურის გავრცელებას უწყობს ხელს. ზანდურის საწარმოო გამოყენებისთვის და მისგან პურის დასამზადებლად ორი რამ არის აუცილებელი: ერთი, მოსავლის რაოდენობის გაზრდა და მეორე, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორბალი დაიცეხვება. მანონი ახვლედიანის უახლოეს ბიზნეს გეგმებში სწორედ ეს მიზნები შედის.
კომენტარები