მსოფლიო
„ლელო საქართველოსთვის“ 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა
2020-09-04 16:21:00
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ "მოქსის“ ტერიტორიაზე პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა და 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სხდომას "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველა ოლქიდან და პოლიტიკური საბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. გაფართოებულ შეკრებაზე იმსჯელეს საარჩევნო პროცესზე, პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. პოლიტიკურ გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახლა უკვე 29 ოლქში ჰყავს. დღეს დასახელდა კანდიდატები, რომლებიც „ლელომ“ დარჩენილ 4 ოლქში წარადგინა: 1. გიორგი ჭელიძე - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობით. იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოღვაწეობდა აგრარულ სფეროში. 2. სოცგარ პუთულიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ექიმი. დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჯერ საერთო ქირურგის, ხოლო შემდეგ - ჯანდაცვის სისტემის ორგანიზატორის კვალიფიკაცია. მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში როგორც ქირურგის, ისე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სომხეთში. 3. თამარ ბელქანია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კულტურის კვლევების დოქტორი. თსუ-ს პროფესორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი. ტელეჟურნალისტი. სხვადასხვა საავტორო გადაცემის ავტორი. მუშაობდა აფხაზეთის, დეოკუპაციისა და მშვიდობის თემებზე. არის სამეცნიერო მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი. 4. ირაკლი ტალახაძე - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეკონომისტი, თსუ-ს კურსდამთავრებული, მაკროეკონომისტი. იყო კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი. ენტრეპენერული საქმიანობა დაიწყო ღვინის კომპანია "თელიანი ველის" დაფუძნებით. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა "ქინძმარაულის მარანი", "ჯივიესი", "შატო მუხრანი". ამჟამად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. მამუკა ხაზარაძემ ლელოს „მარშალის გეგმაზეც“ ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებას 5 სექტემბერს გააცნობს და რომელიც ქვეყნის რეკონსტრუქციის პროგრამას ისახავს მიზნად.
კომენტარები