2 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადაუდებელი დახმარების ცენტრი შატილში მომხდარ ავტოკატასტროფაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული.

„უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს. გვინდა, გამოვეხმაეროთ გაჟღერებულ ინფორმაციას აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანების შესახებ.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 საათზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად 2 წუთში, 17:15 საათზე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.

სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.

აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი. რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები