2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს “ქართული ოცნების” უუნარობას - გრიგოლ გეგელია

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით შეიტანა შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც რისკის ქვეშ აყენებს აშშ-ს მიერ საქართველოს სრუყოფილ დაფინანსებას და ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. “ქართული ოცნების” ანტი-სახელმწიფოებრივი და მავნებლური კურსის შედეგად, საქართველოსა და აშშ-ს უაღრესად მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიაში პირველად შემოვიდა პირობითი დათქმები. 

კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს “ქართული ოცნების” უუნარობას, უზრუნველეყო დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო სისტემის ადეკვატური რეფორმირება, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო და საერთაშორისო კერძო სექტორის უფლებების დაცულობა. 

შედეგად, დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის ბედი უკვე იმაზე გახდა დამოკიდებული, თუ როგორ დასკვნას გამოიტანს აშშ სახელმწიფო მდივანი, ბატონი მაიკ პომპეო საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე რადიკალურად შეცვალოს დღემდე წარმოებული დესტრუქციული და ანტი-დემოკრატიული სახელმწიფო კურსი.  

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამგვარი პირობითობის შემოტანა “ქართული ოცნების” შეგნებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთადერთი ნამდვილი მიზანი, ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფოს სრული საერთაშორისო იზოლაციაა. 

წლების მანძილზე, ამ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას. სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში რადიკალურად შემცირდა საგარეო ინვესტიციები. დღეს სრულიად ცივილიზებული მსოფლიო ერთხმად აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩაშალა ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა,  რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას და  ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არნახული მასშტაბებით გაზრდიდა. სამაგიეროდ, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვის ხარჯზე, იმავე ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტამანისა და ნოვოროსიისკის რუსული პორტების ეკონომიკურ სტაბილურობას. 

მრავალი თვის განმავლობაში, “ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა ადეკვატურად ეპასუხა ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პატრნიორებისა და მეგობრების მიერ არაერთგზის გამოხატულ წუხილზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა, “ქართულმა ოცნებამ” აირჩია სიცრუის, ცინიზმის და ანტი-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის კურსი, რაც გამოიხატა პოლიტიკური მართლმსაჯულების უწყვეტ წარმოებასა და კორუფციის აყვავებაში, თავისუფალი მედიის სხვადასხვა ფორმით შევიწროებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევაში.  

დღეს სრულიად აშკარაა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვერდიქტი — “ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკა უნდა დასრულდეს, რათა დაუყონებლივ შეწყდეს საქართველოს ეროვნული ღირსების, საერთაშორისო რეპუტაციის, ეკონომიკური განვითარების და მომავლის პერსპექტივის სრული გაჩანაგება, რასაც დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეწევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები