მსოფლიო
8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა აღდგება, თუმცა არა რკინიგზით
2020-06-03 17:13:19
საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა არ განახლდება. ამის შესახებ პრემიერმა გახარიამ 2 ივნისს N345-ე დადგენილება გამოსცა.
დადგენილების მიხედვით, რკინიგზით გადაადგილება მხოლოდ “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებს სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით შეეძლებათ.
8 ივნისიდან ასევე აკრძალული რჩება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. “არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით”,- წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ორ თვეზე მეტია შეჩერებულია. ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, 31 მარტს მთავრობამ შეაჩერა.
კომენტარები