ბიზნესი
სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას
2020-06-03 11:38:23
სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული.
სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც კომპანიამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა 1000 ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.
ამავე ტერიტორიაზე, 30 ჰა ფართობზე, სუფრის ყურძნის ბაღია გაშენებული. „დანერგე მომავლის" ფარგლებში 6-მა კომპანიამ, სუფრის ყურძნის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და ასევე, 3 500 000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა. პირველ ეტაპზე მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. სუფრის ყურძენით 1,200 ტონის იმპორტჩანაცვლება მოხდება.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.
თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
კომენტარები