საზოგადოება
“ არაერთხელ ვნახე სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე მდგომი მგზავრები - ეს დანაშაულია, ასეთი დანაშაული უნდა ჯარიმდებოდეს”
2020-06-02 14:08:29
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შეფასებით, სამარშრუტო ტაქსისმძღოლის პასუხისმგებლობაა, რომ მგზავრი ფეხზე არ იდგეს და რეკომენდაციები დაცული იყოს.
მისი თქმით, მგზავრების ფეხზე დგომა დანაშაულია და მსგავსი ფაქტი უნდა ჯარიმდებოდეს.
„იმისთვის, რომ მზად ვყოფილიყავი თქვენი შეკითხვებისთვის, თავად ვიყენებდი ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიგნით და ზოგადად, რას ფიქრობს ხალხი. გარკვეულ გამოკითხვებსაც ვატარებდი. აღმოჩნდა, რომ უმეტეს ნაწილს, გაცნობიერებული აქვს ეს პრობლემა და იცავს თავს, როგორც ეს რეკომენდაციებშია მითითებული, მაგალითად ნიღაბს ატარებს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი სიღრმისეულად ვერ აცნობიერებს ამ პრობლემას და ნიღაბი სიმბოლურად, მხოლოდ ნიკაპზე უკეთია, რითაც რა თქმა უნდა, პრობლემას უქმნის საკუთარ თავსაც და სხვებსაც. თუ ადამიანი ვირუსის მატარებელია, ინფექციის გადაცემა ყველაზე ხშირად ასეთი გზით ხდება. ვიტყოდი, რომ თავად საზოგადოება უნდა გადავამზადოთ.
რაც შეეხება თავად ავტობუსებსა და მომსახურე პერსონალს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა. მაკონტროლებელი, რომელიც ყველა ავტობუსს დაჰყვება, თავად არის საფრთხეში, რადგან მთელი დღე ავტობუსშია. სჯობს, რომ ეს მაკონტროლებლები რისკის ქვეშ არ დავაყენოთ და არა ავტობუსებში, არამედ გაჩერებებზე იდგეს ხალხი. ასევე, ტრანსპორტში ამსვლელებს სპეციალური ხსნარით ხელის დამუშავებას სთავაზობდნენ. გვინდა თუ არ გვინდა, მთელი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ადის და ჩამოდის, ეხებიან სახელურებს. ჩემი აზრით, სჯობს, გაჩერებებზე ხელების ხსნარებით დამუშავება ხდებოდეს. ასევე, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს იმისთვის, რათა თავად უზრუნველყონ სოციალური დისტანცირება, რადგან ეს ვირუსი სულაც სახუმარო არ არის.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მძღოლის პასუხისმგებლობაა, რომ ფეხზე მდგომი მგზავრი მიკროავტობუსში არ იყოს, რათა გადაჭედვა არ მოხდეს. არაერთხელ ვნახე ფეხზე მდგომი მგზავრები. ეს დანაშაულია, ასეთი დანაშაული უნდა ჯარიმდებოდეს. ეს მომავალში მძღოლს აღარ მისცემს საშუალებას, ფეხზე დგომი მგზავრი ჰყავდეს“,- განაცხადა მელაძემ.
კომენტარები