საზოგადოება
„ეს ფაქტი ბასილაშვილის კარიერაზე დადებით გავლენას არ მოახდენს“ - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
2020-05-24 23:11:22
ვიცოდი, რომ დაძაბულობა არსებობდა. ცოლ-ქმარი იმიტომ შორდება, რომ უთანხმოება არსებობს, ამის საქმის კურსში ვიყავი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკა მეტრეველმა განუცხადა.
„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ადამიანი, მეც და სხვაც, ძალადობას გმობს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ დადასტურდება, იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, ეს ამბავი მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. მე სამი დღის წინ ვნახე, ჩოგბურთის კორტებზე იყო მოსული. ამბავი კი დღეს გახმაურდა, მაგრამ გუშინაც საქმის კურსში ვიყავი. რაც შეეხება მის ოჯახურ პრობლემებს, ვიცოდი, რომ გარკვეული პრობლემები ჰქონდა, უთანხმოება. მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ დეტალებში არ ჩავღრმავებივარ. რასაკვირველია, არ ვიცი თუ აქამდე ის ცოლს თანხას უხდიდა. ვიცოდი, რომ დაძაბულობა არსებობდა. როცა ცოლ-ქმარი შორდება, იმიტომ შორდება, რომ უთანხმოება არსებობს. ამის საქმის კურსში ვიყავი, დეტალები არ ვიცოდი", - განაცხადა აკა მეტრეველმა.
„კარანტინი და შეზღუდვები რაც დაიწყო, ნიკა საქართველოში იმყოფებოდა. ორ თვეზე ცოტა მეტია აქ არის", - აღნიშნა მეტრეველმა.
მისივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია იმსჯელებს, თუმცა, როდის, უცნობია.
„ბუნებრივია, მოგვიწევს კომუნიკაცია საერთაშორისო ფედერაციასთან. თუმცა, არა მგონია, სწორი იყოს ჩვენ მივმართოთ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას. იმდენად გახმაურებული ამბავია, ეჭვიც არ მეპარება, საკითხს მოიკითხავენ. არც მინდა რამე ვივარაუდო, ჯერჯერობით არანაირ სანქციებზე საუბარი არ არის. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მთავარია ჭეშმარიტება დადგინდეს და შემდეგ რა იქნება, ამას დრო გვანახებს. ეს ფაქტი რომ ბასილაშვილის კარიერაზე დადებით გავლენას არ მოახდენს, ცხადია. რომც არ დადასტურდეს ეს ფაქტი, ან დადასტურდეს, თვითონ მოვლენა დადებითად არ იმოქმედებს მის კარიერაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიური სტრესია. ადამიანი რამდენიმე დღე იყო დაკავებული, განხილვის საგანი გახდა და როგორ შეიძლება ამან მასზე დადებითად იმოქმედოს?!" - განაცხადა მეტრეველმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
კომენტარები