საზოგადოება
“უნდა განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა..”
2020-05-21 10:36:18
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, თუ როგორია ცენტრის რეკომენდაცია, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ავტობუსში, მეტროს ვაგონში და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.
"ტრანსპორტის მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა.
თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ და ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია.
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ტრანსპორტის აღდგენის ეტაპები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და იმ კონკრეტულ ვითარებაზე, რაც დროის მოცემული მომენტისთვის იქნება ქვეყანაში. ზედამხედველობა მუდმივად მიმდინარეობს, რეკომენდაციები იცვლება იმ სიტუაციის შესაბამისად, რა ვითარებაც ქვეყანაში გვაქვს“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
კომენტარები