მსოფლიო
“პრემიერო, ეს ნიანგის ცრემლები და სიყალბე იყო – თქვენ პროდუქტები დაალპეთ”
2020-05-12 22:13:54
იურისტმა ანა დოლიძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოწოდებას – „მოსახლეობამ შეიძინოს ქართული პროდუქტები”, სოციალურ ქსელში უპასუხა და კონკრეტულად პრემიერს მიმართავს:
„მე ამ ინიციატივას ორი ხელით დავუჭერდი მხარს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა დაიქოქოს და აღორძინდეს. მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფულადი რესურსი და ფინანსური დახმარება ჩავდოთ ქართულ პროდუქტში და მოხმარდეს აქაურ წარმოებას, ჩვენს ეკონომიკას. მაგრამ გახარიას შემთხვევაში კვლავ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე – ცალსახად ნიანგის ცრემლებთან, ანუ ყალბი გრძნობების გამოვლენასთან და მეორეს მხრივ არაფრის კეთებასთან. ყველამ ვიცით, რომ ქართულ წარმოებასთან და ქართულ პროდუქციასთან მიმართებაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და აქვს ორმაგი სტანდარტი. მაგალითად, კორონას ჟამიანობისას ხელისუფლებამ მოახერხა და ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩაკლა ქართული სოფლის მეურნეობა, იმის მაგივრად რომ დაეორგანიზებინათ და ყველა რესურსი მიემართათ ამ მიმართულებით. საკმარისია ლაგოდეხის, მარნეულის და ბოლნისის ფაქტების გახსენება, სადაც ხელშეწყობის ნაცვლად დაალპეს კიტრი და სხვა ათასი სოფლის მეურნეობის პროდუქტი. ანუ სინამდვილეში, კოვიდის განმავლობაში წიხლით ჩაკლეს ქართული სოფლის მეურნეობა. სამაგიეროდ, დაასუბსიდირეს იმპორტი, მაგალითად შაქარი, წიწიბურა… გავიხსენოთ, საახალწლო განათებები, რომლის იმპორტში ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. ამ თანხით თავისუფლად შეეძლო „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა ქართული წარმოება, შეექმნა ქართული საწარმო, საიდანაც შეიძენდნენ ქართულ განათებებს და ამ გზით გააძლიერებდნენ ქვეყნის ეკონომიკას. „ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ თავის გეგმაში დღემდე არაფერი უთქვამთ და გაუკეთებიათ ქართული წარმოების დასახმარებლად. მათ უნდათ არსებობდეს ქვეყანა, რომელიც იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის შემოსავლებზე. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა, რომ ვერ განვითარდება, ამას არ სჭირდება ნობელის პრემია. როგორც შეიძლება ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ სახსრები ადგილობრივ წარმოებაზე და მეორეს მხრივ, არაფერს ამბობდე, როგორ აპირებ დაქოქო ქართული წარმოება. იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არანაირი ხედვა არ აქვს ხელისუფლებას. წარმოადგინონ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ანგარიში, რა შედეგი მოიტანა ამ პროექტმა და სად არის ის ათასობით საწარმო, რომელიც მის ფარგლებში უნდა შექმნილიყო. „შესაბამისად, პატივცემულო პრემიერო, თქვენი განცხადება, რომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ქართული პროდუქციის შეძენას და იქ დავხარჯოთ ფული, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წარმოთქმული „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ, რადგან თქვენ, კონკრეტულად ამ სფეროში არ დაგეჯერებათ“
კომენტარები