ბიზნესი
პირველად საქართველოში “აჭარა ჯგუფი” Design Hotels-ის წევრების წლის ღონისძიებას - “არენას” უმასპინძლებს
2019-09-25 11:43:57
პირველად საქართველოში, 26 სექტემბერს 13:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში “აჭარა ჯგუფი” თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Design Hotels-ის წევრების წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას - “არენა”-ს უმასპინძლებს. აღნიშნულ ღონისძიებას 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი დაესწრება, რომლებიც თავიანთ ქვეყანებში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ტენდენციებს ქმნიან, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებენ და საზოგადოებას ინოვაციურ გასტრონომიას სთავაზობენ. Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები, რამოდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში, გაიცნობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის ზრდას და ეკონომიკურ წინსვლას. ღონისძიების ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოში წარმოებული პროდუქტი და იხილონ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. აღნიშნული ღონისძიება კარგი პლატფორმაა, როგორც პროდუქციის წარმოჩენის, ასევე საექსპორტო ბაზრის ათვისებისათვის. Design Hotels, რომელიც 1993 წელს მხოლოდ 10 ლეგენდარული სასტუმროს პორტფოლიოს ფლობდა, დღეს მსოფლიოში ასობით გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროს აერთიანებს. თითოეული მათგანი მსოფლიოს ასობით წერტილში - დედაქალაქებში, მიუვალ მთებსა თუ უჩინარ სანაპიროებზე შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნიკალური ნიმუშია. Design Hotels-ის წევრი სასტუმროები ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეის გარდა, თანამედროვე და ინოვატორული ხედვით გამოირჩევა.
კომენტარები