1 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

30 ივლისს, თბილისსში, თიბისი კაპიტალმა მორიგი კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა. ახალ კვლევაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის სექტორი 2019 წლის მდგომარეობით. ღონისძებას თიბისის ბანკის კლიენტები და სხვა ენერგოსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, სადისკუსიო პანელზე სტუმრებმა სექტორში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს.

კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია. მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 0.4 ტვტ. სთ-მდე გაიზარდა, რაც 185%-ით მაღალია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი ჰიდროსადგურების, თბოსადგურებისა და ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 4,000 მგვტ-ს შეადგენს. მათი წლიური გამომუშავება 2018 წელს 12.1 ტვტ. სთ-ის ექვივალენტი იყო.

 თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ითგაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ. სთ-ით გაზრდის ელ. ენერგიის გენერაციას. თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ. ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

ტურიზმი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2023 წლისთვის ელ. ენერგიაზე დეფიციტი 1.9 ტვტ. სთ-ს მიაღწევს. აღნიშნულის ფონზე, ზრდადი შიდა მოხმარების დასაბალანსებლად, საქართველოში დამატებით 1,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურების დამონტაჟება გახდება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია განახლებადი ენერგიის მაღალი წილით (78%). ტექნოლოგიებზე ფასების შემცირების ტრენდი მომავალში მზისა და ქარის ენერგიის ათვისებას შეუწყობს ხელს, რაც ჰიდროსადგურების ზრდასთან ერთად ელ. ენერგიაზე ზრდად მოთხოვნას დააბალანსებს. შედეგად, განახლებადი ენერგიის წილი ქვეყანაში გაიზრდება.

‘თიბისი ბანკი ენერგო პროექტების დაფინანსების მხრივ ბაზრის 80% ფლობს, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ 220 მილიონი დოლარის ინვესტიციას, დაფინანსებულ 20 ჰიდროელექტროსადგურს, რომელთაგან 11 უკვე წარმატებით ოპერირებს, ხოლო 9 მშენებლობის სხვადასახვა სტადიაშია.ასევე,  ჩვენ, პირველად ქართულ ბაზარზე, დავაფინანსეთ პროექტები წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულების (ppa) გარეშე.  ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სინდიკაციას ადგილობრივ და რეგიონალ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის მოძიების მიზნით,  ერთმანეთთან  ვაკავშირებთ ინვესტორებსა და დეველოპერებს. შედეგად, დაგროვილი გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს პარტნიორებს შევთავაზოთ ინოვაციური, კომპანიაზე მორგებული, გრძელვადანი დაფინანსების სტრუქტურა.’-განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.

თიბისი კაპიტალი მომავალში სხვადასხვა სექტორების შესახებ დამატებით კვლევების გამოქვეყნებას გეგმავს. კვლევების მიზანია ბაზრის მონაწილეებს, პოტენციურ ინვესტორებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს  გააცნოს სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მოსალოდნელი სიახლეები და განვითარების პოტენციალი.

მსგავსი კვლევები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე tbccapital.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები