მსოფლიო
წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები
2019-06-24 13:14:41
ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ.
ამიტომაც, დავიწყოთ განმარტებით - კომპანიის, პროდუქტის, სერვისისა თუ ნებისმიერი პროექტის ბიზნესმოდელი გვიჩვენებს, რა პრინციპით ქმნის, აწვდის და მოიპოვებს ღირებულებას ორგანიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ის აღწერს საქმიანობის მოდელს, რომლის განხორციელების შედეგადაც ჩვენ ვიღებთ პრუდუქტს, ვყიდით მას მომხმარებელზე, ვიღებთ შემოსავალს და ვქმნით ღირებულებას. ბიზნესმოდელის შექმნისა და გააზრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდოლოგიაა „ბიზნესმოდელის ტილო“ (Business Model Canvas)
ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს წიგნში „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ ავტორები განიხილავენ სწორედ ამ მეთოდოლოგიას და მის საფუძველზე რამდენიმე წარმატებული კომპანიის მაგალითს, რომლებიც გვაჩვენებს ბიზნესმოდელის რომელი ნიმუშებია ყველაზე წარმატებული სხვადასხვა ინდუსტრიაში და „ბიზნესმოდელის ტილოს“ რა ცვლილებების შედეგად მივიდა კომპანია ფუნქციონირების ასეთ მოდელამდე.
გაგაცნობთ ბიზნესმოდელის ნიმუშების 3 მაგალითს: „გრძელი კუდი“, „მრავალმხრივი პლატფორმა“ და „უფასო, როგორც ბიზნესმოდელი“.
კომპანია, რომელსაც „გრძელი კუდის“ ტიპის ბიზნესმოდელი აქვს, მომხმარებლებს დიდი რაოდენობით ნიშურ პროდუქტებს სთავაზობს, რომლებიც შედარებით იშვიათად იყიდება.
ნიშური პროდუქტების გაყიდვამ შეიძლება ისეთივე მოგება მოუტანოს კომპანიას, როგორიც ტრადიციულმა მოდელმა, რომელშიც ყველაზე მეტ შემოსავალს რამდენიმე ბესტსელერი გამოიმუშავებს. „გრძელი კუდის“ ტიპის ბიზნესმოდელებში საჭიროა ინვენტარზე გაწეული დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანა, ძლიერი პლატფორმის შექმნა და მართვა, რომელიც ნიშურ პროდუქტებს ხელმისაწვდომს გახდის. ასეთია, მაგალითად, „ნეტფლიქსის“ (Netflix) ბიზნესმოდელი, რომელიც წარსულში ვიდეოგაქირავებით იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ნიშური ფილმების ლიცენზირება დაიწყო. მოთხოვნა თითოეულ ნიშურ ფილმზე არც ისე დიდია, თუმცა მათი გაქირავებით მიღებული საერთო შემოსავალი არ ჩამოუვარდება ბლოკბასტერების გაქირავებით მიღებულ საერთო შემოსავალს. მსგავსი მოდელი აქვს ონლაინაუქციონის ვებგვერდს „იბეისა“ (eBay) და „ამაზონს” (Amazon), სადაც შეხვდებით როგორც ძალიან მოთხოვნად პროდუქტებს, ასევე ნივთებს, რომლებზეც მოთხოვნა შედარებით დაბალია.
მეორე გავრცელებული და ინოვაციური ნიმუში „მრავალმხრივი პლათფორმაა“, რომელსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Google, Uber, Airbnb, რაც გულისხმობს რამდენიმე განსხვავებული და ურთიერთდამოკიდებული მომხმარებელთა სეგმენტების ერთმანეთთან დაკავშირებას.
მაგალითად, განვიხილოთ რამდენიმე სეგმენტი, რომლისთვისაც გუგლი ქმნის ინდივიდუალურ ფასეულ შეთავაზებებს: 1. ინტერნეტმომხმარებლები, 2. რეკლამის განმთავსებლები, 3. ვებგვერდების მფლობელები.
გუგლს, როგორც მრავალმხრივ პლატფორმას, შემოსავლის განსხვავებული მოდელი აქვს. იგი შემოსავალს მხოლოდ რეკლამის განმთავსებლებისა და ვებგვერდების მფლობელებისგან იღებს, ინტერნეტმომხმარებლებს კი უფასოდ აწვდის ძიების ფუნქციასა და სხვა ონლაინპროდუქტებსა და სერვისებს. ამგვარად, გუგლი უზრუნველყოფს ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობის ზრდას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანარჩენ ორ სეგმენტზე გათვლილ ფასეულ შეთავაზებაზე.
მესამე ნიმუშია „უფასო, როგორც ბიზნესმოდელი“, ანუ „ფრიმიუმი. ის გულისხმობს ისეთ ბიზნესმოდელებს, რომლებიც ძირითადად ინტერნეტზეა ორიენტირებული და სერვისებს უმეტესად უფასოდ გვთავაზობს, ხოლო პრემიუმ სერვისებს – საფასურის სანაცვლოდ. ჩვეულებრივ, კომპანიას, რომელიც „ფრიმიუმ“ მოდელს იყენებს, ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ისინი უფასო შეთავაზებით სარგებლობენ. უმრავლესობას ეს აკმაყოფილებს და არასდროს იხდის პრემიუმ შეთავაზებისთვის. მხოლოდ მცირე ნაწილი, ხშირად 10%, ხდება პრემიუმის გამომწერი. ეს მცირე რაოდენობა ახდენს უფასო სერვისების მომხმარებლების სუბსიდირებას. პოპულარული ვებგვერდი Flickr, რომელიც 2005 წელს Yahoo-მ შეიძინა, „ფრიმიუმ“ ბიზნესმოდელის კარგი მაგალითია. „ფლიკრის” მომხმარებლებისთვის ძირითადი მომხმარებლის ანგარიშით სარგებლობა უფასოა, მათ ფოტოების ატვირთვა/გაზიარების საშუალება აქვთ, ოღონდ უფასო სერვისს შეზღუდვებიც აქვს. მაგალითად, უფასო ანგარიშით სარგებლობისას, მომხმარებელს ფოტოების შესანახად შეზღუდული მოცულობა აქვს, თუმცა მცირე წლიური გადასახადის სანაცვლოდ შეუძლია შეიძინოს ე.წ. Pro ანგარიში და სასურველი რაოდენობის სურათები ატვირთოს. „ფრიმიუმ“ მოდელს იყენებენ სხვა წარმატებული კომპანიებიც, მაგალითად, Skype, Dropbox და ა.შ.
ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისა და პროდუქტების წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ბიზნესმოდელის გააზრებასა და მის გარდაქმნას მიუძღვის. თუ გსურთ გაეცნოთ სხვა კომპანიების ბიზნესმოდელების მაგალითებს და თავადაც შექმნათ კონკრეტული კომპანიის ბიზნესმოდელი, მაშინ არ გამოტოვოთ ვორკშოპი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“, რომელიც 27 ივნისს, 19:00 საათზე სასტუმრო იოტაში საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრასა“ და ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიება განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ტოპ მენეჯმენტისთვის, მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტებისთვის, პროექტებისა და პროდუქტის მენეჯერებისთვის. ასევე სტარტაპერებისთვის და მათთვის ვინც ახლა იწყებს ბიზნესს, ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს თავისი არსებული პროდუქტი და სერვისი.
ვორკშოპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1966352326804362/
კომენტარები