მსოფლიო
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობას ეხმაურება
2019-05-09 15:20:12
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი მცდელობები მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება და დააზიანებს მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ბიზნესკომპანიების გლობალური კონკურენტუნარიანობის და ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.
„ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საზოგადოება ამჯერადაც არ აჰყვა ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეთა მცდელობას და ღრმად გვწამს, რომ არც მომავალში ექნება მსგავს მცდელობებს წარმატების შანსი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მომუშავე სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს.
კომენტარები