ბიზნესი
თიბისი კაპიტალმა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მასშტაბური კვლევა განახორციელა
2019-03-28 11:11:41
თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული კვლევა, საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ, 2018 წლის სრულ ანალიზს მოიცავს. კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე დეველოპერების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რომ მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. შესაბამისად, კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი.
კვლევი მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 4.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლის 65% ახალაშენებული ბინების ტრანზაქციებით იყო განპირობებული. ბინების რეალიზებული ფართობი 31%-ით გაიზარდა, რასაც იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობასთან ერთად ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეგულაციების მოლოდინმა შეუწყო ხელი. ხოლო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა 47 %-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2018 წელს მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა პრემიუმ და საშუალო სეგმენტის ბინებზე დაფიქსირდა. ცენტრალურ უბნებში რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ფართობის ბინებზე მოთხოვნით არის განპირობებული, ხოლო გარეუბნებში შედარებით პატარა ბინების გაყიდვები ჭარბობს.
ამავდროულად, ახალი სამშენებლო რეგულაციების ფონზე, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით 45%-ით არის შემცირებული. თიბისი კაპიტალის გათვლებით, ნებართვების კლება საცხოვრებელი ფართობის შემცირებაში 2021 წლის დასრულებულ მშენებლობებში აისახება.
სექტორისთვის დამახასიათებელი ფუნდამენტური კრიტერიუმები ჯანსაღად გამოიყურება, რაც ამჟამად სექტორის „გადახურების“ საშიშროებას გამორიცხავს. 2018 წლის ტრანზაქციების საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით 6%-თ გაზრდილია ლარში, ხოლო 5%-ით დოლარში. ყველაზე ძვირი უბნის სტატუსს მთაწმინდა ინარჩუნებს.
მსგავს ქალაქებთან შედარებით თბილისში ბინების ფასები უფრო იაფია, როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრში, რაც სამომავლო ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს. გრძელვადიან პერსპექტივაში თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ნელ და სტაბილურ ზრდას პროგნოზირებს, ახლო მომავალში ზომიერი ბალანსის შენარჩუნებით.
„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.
კომენტარები