ბიზნესი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს
2019-03-19 14:03:58
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ 17 მარტს გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ პორტის მშენებლობის, მიმდინარე ეტაპისა და მასთან დაკავშირებული თემების ირგვლივ მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გაჟღერდა.
აღნიშნულ კონტექსტში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მშენებლობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 2016 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, კონსორციუმს სამშენებლო ვადები არ დაურღვევია. მეტიც, 2018 წელს ფინანსური დახურვის დასრულებამდე, მისმა აქციონერებმა სამშენებლო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით დაიწყეს. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
მშენებლობის მიმდინარე სტატუსი:
2018 წელს მსოფლიოში უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა ანაკლიის პორტის აკვატორიის ფსკერი დააღრმავა და 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ნაპირზე გადაიტანა. ამ ეტაპზე 110 ჰექტარის ფართობზე მიმდინარეობს სწორედ ამ რაოდენობის ქვიშის ჭაობიან ტერიტორიაზე დაწდომის პროცესი, რათა ნიადაგმა მოიპოვოს სათანადო, 95%-იანი სიმკვრივე და მდგრადობა და მზად იყოს მძლავრი ინფრასტრუქტურის აშენებისთვის. ეს პროცედურა დეკემბერში დაიწყო და დაახლოებით 6 თვეს მოითხოვს.
ამავე დროს, კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა მიმართულებებით: რამდენიმე დღეში გამოცხადდება პორტის საკონტეინერო ტერმინალის ამწეების პროვაიდერისთვის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული. მალე დასრულდება საერთაშორისო ტენდერი გენერალური კონტრაქტორის შერჩევაზე. კონსორციუმმა USAID-თან პარტნიორობით უკვე დაიწყო ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა და მის ფარგლებში გახსნა ტრენინგცენტრი, იწყება გრანტების გაცემა.
ფინანსური დახურვა და ცვლილებები ხელშეკრულებაში
ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 620 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა და მუშაობას განაგრძობს 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან: EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OPIC – ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია, ADB – აზიის განვითარების ბანკი, AIIB – აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკი. მათ შეისწავლეს პროექტი, ხელი მოაწერეს დაფინანსების მანდატს და ახლა საბოლოო მოლაპარაკებების ეტაპი მიმდინარეობს.
I ფაზის ფინანსური დახურვა, პროექტის სირთულიდან გამომდინარე და ობიექტური მიზეზების გამო, 2-ჯერ გადავადდა.
ასევე, 600-გვერდიან საინვესტიციო ხელშეკრულებაში სხვადასხვა დროს შევიდა ცვლილებები, რომლებიც საჭირო გახდა პროექტის ირგვლივ არსებული ობიექტური გარემოებების გამო. ისინი ყოველ ჯერზე მთავრობამ მოისმინა, განიხილა და შემდეგ მათ დასთანხმდა.
აქვე გვინდა, რამდენიმე რიცხვი გავიხსენოთ:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავრობასთან თანამშრომლობის პროცესში საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების ნაწილი კონსორციუმის სასარგებლოდ შევიდა, ხოლო ნაწილი - მთავრობის მოთხოვნით და მათ სასარგებლოდ.
საინვესტიციო ხელშეკრულებაში, მთლიანობაში, მთავრობის მოთხოვნით და მის სასარგებლოდ შეტანილ იქნა 13 პუნქტი, მათ შორის გადავადებების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა პროცესზე მთავრობა ითხოვდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სასარგებლოდ, ცვლილების სახით, ამავე ხელშეკრულებაში შევიდა 16 პუნქტი.
ამასთანავე, კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს ცვლილებების პროცესში, საქართველოს მთავრობამ კონსორციუმს 11 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო აპატია. ამგვარ ჯარიმებს ადგილი არ ჰქონია.
რისკების დაზღვევა
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საერთაშორისო ბანკები გარანტიის სახით სახელმწიფოსგან ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევას ითხოვენ. ეს საკითხი საფინანსო ინსტიტუტებმა თითქმის ერთი წლის წინათ დააყენეს - მანდატის ხელმოწერისთანავე.
ზემოჩამოთვლილი საერთაშორისო ბანკები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მათ მიერ დაფინანსებული და წარმატებით განხორციელებულია პროექტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ინსტიტუტების მაღალი რეპუტაცია ხაზს უსვამს მათ მიერ წაყენებული მოთხოვნების ლეგიტიმურობას.
შეგახსენებთ, რომ ტვირთბრუნვა არ არის მხოლოდ პორტზე დამოკიდებული გარემოება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ის დამოკიდებული იქნება ქვეყნის მაკროეკონომიკურ ზრდაზე, ან პოლიტიკურ სიტუაციაზე. არსებობს ფაქტორები, რომელთა დაზღვევა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქციონერები საკუთარ თავზე იღებენ მთავარ რისკს და სახელმწიფოსგან გარანტიას მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტები მათ მიერ გამოყოფილ სესხზე ითხოვენ.
ინტერესები
გვინდა, ასევე, შეგახსენოთ, როგორ დაიწყო ხმაური ანაკლიის პორტის ირგვლივ: საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა ბიზნესმენების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაუსაბუთებელ ფინანსურ ბრალდებებზე, რომლებიც, ასევე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები არიან. მთავრობის ამ ნაბიჯმა პროექტის დამფინანსებელ ინსტიტუტებს ლოგიკური კითხვები გაუჩინა. ხმაური პროექტის ირგვლივ მთავრობამ დაიწყო, რამაც პროექტის მიმდინარეობას ხელი შეუშალა. ასევე, მთავრობამ გაასაჯაროვა კონსორციუმთან მოლაპარაკებების დეტალები. საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის წარმატებით გაგრძელება, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესს წარმოადგენს.
პროექტის გაგრძელება
შეგახსენებთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაგრძელება ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სასიცოცხლოა. პროგნოზები გვიჩვენებს, რომ 2020 წლისთვის საქართველოში მოთხოვნა ტვირთბრუნვასა და საკონტეინერო გადაზიდვაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ ამ დროისთვის ღრმაწყლოვანი პორტი არ გვექნება, ახალი შესაძლებლობები ჩრდილოეთისა და სხვა დერეფნებზე გადანაწილდება და გვერდს აგვივლის.
თუ ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა შეფერხდება, ზემოაღნიშნული საშიშროება რეალურია. ხოლო ანაკლიის პორტის განვითარებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ჩართულობის შეფერხებით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მრავალი წლით უკან დაიწევს, თუ საერთოდ არ შეწყდა.
ასევე, არასათანადოდ მიგვაჩნია პროექტის დასრულებისთვის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების გაღება და მისი კონსორციუმის გვერდის ავლით გაგრძელება. მით უფრო, იმ სიტუაციაში, როცა კონსორციუმმა პირველი ფაზისთვის საჭირო 620 მილიონი აშშ დოლარის სრულად მობილიზება შეძლო და პროცესის დასრულებამდე სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
აქციონერები
„თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად, პროექტის აქციონერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის: „კონტი ჯგუფი“, რომლის ინვესტიცია 5.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და „სსა მარინი“, რომელიც პროექტის სტრატეგიული ინვესტორია და 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
შეგახსენებთ, „სსა მარინი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკონტეინერო ტერმინალ-ოპერატორია, რომელიც 250 ლოკაციაზე მუშაობს. ის მსხვილი ჯგუფის „კარიქსის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის ადგილობრივი (აშშ-ში) პროექტები ხორციელდება „სსა მარინის“, ხოლო საერთაშორისო პროექტები (მსოფლიოს 5 კონტინენტზე) „სსა ინთერნეიშენალის“ საშუალებით. „სსა მარინი“ საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ისევე როგორც სხვა ლოკაციებზე, საქართველოშიც აფუძნებს ადგილობრივ კომპანიას. ხოლო მისი საოპერაციო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად „სსა მარინი“ 25 მლნ აშშ დოლარის კორპორაციულ გარანტიას გამოყოფს“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.
კომენტარები