მსოფლიო
თიბისის ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსი შეიქმნა
2019-02-04 14:44:46
თიბისის ბიზნესკლიენტები თებერვლიდან მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების - IFRS for SME სასწავლო კურსს გაივლიან.
თიბისი პირველი კომპანიაა, რომელიც „Savvy Consulting“-თან ერთად თავის ბიზნესკლიენტებს ხანგრძლივ კურსს სთავაზობს და საშუალებას აძლევს, სწორად გაიგონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულებები და გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება.
აღნიშნული კანონი მცირე და საშუალო ბიზნესებს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ავალდებულებს. სწორედ ამიტომ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თიბისის ბიზნესკლიენტებისათვის „Savvy Consulting“-ის მიერ მომზადებული სასწავლო კურსის მიზანი ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების IFRS for SME სტანდარტებში გადამზადებაა. ეს არის პირველი სასწავლო კურსი, რომელიც დამსწრეს პრაქტიკულად ასწავლის თუ როგორ მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება.
პროექტის ინიციატორი SARAS - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურია. კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და მისი დასრულების შემდეგ ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ სწორი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას, სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერასა და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას.
თითო ჯგუფი 20 კომპანიის წარმომადგენლისგან იქნება დაკომპლექტებული. კურსს „Savvy Consulting“-ის მიერ შერჩეული საუკეთესო ტრენერები გაუძღვებიან, რომელთაც საკითხის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ. 36 საათიანი პროგრამა 12 მოდულს, გამოცდებსა და ტესტებს აერთიანებს. კურსის ბოლოს კი სერთიფიკატი გაიცემა.
კომენტარები