1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო

ჩამოტვირთვა

წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო - ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ. წყალტუბოში შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავის შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა.

აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები