ბიზნესი
„იფქლის“ ხელმძღვანელთა განცხადებით, გაზის გაძვირება პურს არ გააძვირებს
2019-01-03 17:54:04
საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრამდე გაძვირდება.
აღნიშნული ცვლილება პურის ფასზე არ აისახება. როგორც „პირველთან“ საუბარში შპს „იფქლი 1“-ის და „იფქლის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, მათთვის ამჟამად ბუნებრივი გაზის საფასური 85 თეთრია, შესაბამისად, ეს ცვლილება უმნიშვნელოა.
„გააჩნია, რამდენად გააძვირებენ. ჩვენ ისედაც ძვირს ვიხდით. ახლა 85 თეთრია გაზის ღირებულება. თუ 86 თეთრი გახდა, ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ფასზე, 1 თეთრი არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გავაძვირეთ პურის ფასი, რაც ყველაფრის გაძვირებას მოჰყვა. თუმცა, პრინციპში, ჩვენი პური ძვირი არ არის. თუ მომხმარებელი იმ პურს აწონის, რომელსაც 60 თეთრად ყიდულობს, და ჩვენს პურს, სხვაობას თვალნათლივ დაინახავს. ანუ სხვისი სამი პური ჩემი ორი პურის ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენ მაგ დონემდეც არ გაგვიძვირებია ფასი“, - განაცხადა „იფქლი 1“-ის ხელმძღვანელმა დავით ვასაძემ.
ანალოგიური პასუხი გაგვცა შპს „იფქლის“ ხელმძღვანელმა არისი ბოჭოიძემ და აღნიშნა, რომ „თუ გაზის საფასური 86 თეთრი გახდება, ეს პურის ფასზე არანაირად არ იმოქმედებს“.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს აშშ დოლარში ყიდულობს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ფიქსირებული ფასით ახდენს. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.
იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დააკორექტიროს.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება“.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური 46,139 თეთრი დარჩება“.
კომენტარები