მსოფლიო
მნიშვნელოვანი მიზეზები თუ რატომ მივირთვათ ლუდი
2018-11-22 15:33:14
ლუდის ზომიერად მიღების (გა)საოცარი სარგებელი ჯანმრთელობისთვის!
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, ლუდი ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ნელ-ნელა რეპუტაციას იხვეჭს, როგორც სასარგებლო სასმელი. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, რატომ არ არის დანაშაული ლუდის, რა თქმა უნდა, ზომიერად მირთმევა:
მიიღეთ ხსნადი ბოჭკო და ქოლესტერინი აღარ შეგაწუხებთ!
ერთი ლიტრი ლუდი შეიძლება შეიცავდეს 6 გ ხსნად ბოჭკოს, რაც რეკომენდებული დღიური ნორმის მესამედია. ხსნადი ბოჭკო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ქოლესტერინის და შაქრის ჭარბი რაოდენობის გამოდევნის პარალელურად. ლუდის 230 მლ თუნუქის ქილა შეიცავს დაახლოებით 5.7 გ ნახშირწყლებს. აქედან მხოლოდ 2.5გ-ია ნარჩენი შაქარი, ხოლო დანარჩენი საკვები ბოჭკოა. 175 მლ ღვინო (სტანდარტული ჭიქა) შეიცავს 5.9 გ ნახშირწყლებს, მაგრამ აქედან 5.6 გ თავისუფალი შაქრებია და ღვინო საკვებ ბოჭკოს არ შეიცავს.
ხელს უწყობს გულის გაჯანსაღებას!
ლუდს რეალურად შეუძლია გულის დაავადებების რისკის შემცირება. ის ზრდის კარგი ქოლესტერინის (HDL) დონეს სისხლში და ხელს უშლის შედედებას (მას შეუძლია ფიბრინოგენის მსგავსი შემადედებელი ფაქტორების შემცირება). თუმცა სიფრთხილის გამოჩენა მაინც გმართებთ! მიირთვით მხოლოდ დოზირებულად!
ლუდი ძვლების სიმტკიცეს უწყობს ხელს!
ლუდში მაღალია მინერალის - სილიციუმის შემცველობა, რომელიც ძვლების სიმტკიცეს განაპირობებს. ფაქტიურად, ლუდი ერთ-ერთია მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებისთვის რეკომენდებული სილიციუმის შემცველი რამდენიმე პროდუქტიდან. 2009 წლის კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა გამოცემაში American Journal of Clinical Nutrition, ლუდის ზომიერ მომხმარებლებს ძვლების გაცილებით მაღალი სიმკვრივე ახასიათებდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც სვამდნენ ზომიერზე უფრო მეტ ან ნაკლებ ლუდს. ლუდის ყველა ტიპს შორის ღია ელი სილიციუმის უმაღლესი შემცველობით გამოირჩევა. თუმცა, ნუ გამოიყენებთ ლუდს როგორც ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებას, რამდენადაც კალციუმის საკმარისი რაოდენობა, დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ჭარბი წონის საწინააღმდეგო ვარჯიშები ძვლების ჯანსაღი სიმკვრივის მიღწევის გაცილებით უკეთესი გზაა.
შეამცირეთ კიბოს რისკი
ჰეტეროციკლური ამინები (HCAs) კარცინოგენული ნივთიერებებია, რომელთა ფორმირება ხდება ხორცის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას. ხორცის ან ქათმის ღვინის ან ლუდის მარინადში მოთავსებას შეუძლია კარცინოგენული HCA-ს შემცირება დაახლოებით 88%-ით; 2009 წლის კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Agricultural and Food Chemistry, ლუდისგან მზადდება გაცილებით ეფექტური მარინადი, რომელიც ამცირებს HCA-ს დონეს. მაგრამ რამდენადაც ალკოჰოლის დიდი ოდენობით მოხმარება უკავშირდება გარკვეული სახის კიბოს განვითარებას, როგორიცაა მაგალითად პირის ღრუს ან საჭმლის მომნელებელი სისტემის და მკერდის კიბო, ყოველთვის უმჯობესია სასმელის ზომიერად მოხმარება.
შეამცირეთ შაქრის დონეები!
შეიძლება ასე არ ფიქრობდეთ, მაგრამ ალკოჰოლი რეალურად ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას. ჰარვარდში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ 2011 წელს შეისწავლა დაახლოებით 38 000 საშუალო ასაკის მამაკაცი და გამოავლინა, რომ მათთვის ვინც ზომიერად მოიხმარდა ალკოჰოლს (დაახლოებით 2 ჭიქას დღეში) დიაბეტის რისკი 25%-ით მცირდებოდა. თუმცა ლუდის გლიკემიური ინდექსი 100-ია, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ზრდა და შემცირება. თუმცა ზომიერი მოცულობით ეფექტი მწვავე არ იქნება, რადგან ლუდის ზომიერი გლიკემიური დატვირთვაა 6, ნახშირწყლების შედარებით დაბალი შემცველობის გამო.
ლუდი - თავის ტვინის ძალა!
დიდი ოდენობით ალკოჰოლს შეუძლია ტვინის დაზიანება, მაგრამ ზომიერი მოხმარების შემთხვევაში, ის რეალურად აძლიერებს გონებას და ხელსაც კი უშლის დემენციას. ალკოჰოლის ზომიერი მომხმარებლები, რომლებიც დღეში დაახლოებით ერთ ჭიქას სვამენ, ამცირებენ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუარესების რისკს დაახლოებით 20 პროცენტით არამსმელებთან შედარებით.
ლუდის „ღიპი“ - მითი თუ რეალობა?
ტერმინი „ლუდის ღიპი“ ერთგვარი მითია. ჭარბი წონის რეალური მიზეზი დახარჯულ ენერგიასთან შედარებით კალორიების ზედმეტი რაოდენობის მიღებაა. მიუხედავად იმისა, რომ ლუდი შეიძლება ხელს უწყობდეს კალორიების მიღებას, ის ტოლობის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ლუდის მოხმარებას ხშირად თან ახლავს საკვების დიდი რაოდენობით მიღება, რაც იწვევს ჭარბწონიანობას. ლუდი შეიცავს დაახლოებით 630 კილოჯოულს და 12 გ ნახშირწყალს, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ერთ ნაჭერ პურში. ზომიერი მოხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად არ გამოიწვევს წონის მატებას თუ გაკონტროლდება კალორიების და ნახშირწყლების რაოდენობა ყოველდღიურ საკვებ რაციონში.
გაიორმაგეთ ცილები და საკვები ნივთიერებები
კვებითი მოსაზრებებიდან გამომდინარე, ლუდი შეიცავს გაცილებით მეტ ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს ვიდრე ღვინო. 2001 წლის ანტიოქსიდანტური საკვების კვლევის თანახმად (გამოცემა Nutrition Reviews), ლუდი შეიცავს დაახლოებით ორჯერ მეტ ანტიოქსიდანტს ვიდრე თეთრი ღვინო და წითელი ღვინის მხოლოდ ნახევარს. კონკრეტული ანტიოქსიდანტები ლუდში განსხვავებულია, რადგან ქერი და სვია, რომლებიც ლუდის წარმოებაში გამოიყენება, შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც განსხვავებულია ყურძნის ფლავონოიდებისგან.
კომენტარები