მსოფლიო
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ცაგერში 21-ე სალოტბარო სკოლას ოფიციალურად ხსნის
2018-11-15 13:36:39
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. 15 ნოემბერს, 15:00 საათზე, ცაგერის კულტურის ცენტრში, სალოტბარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ რიგით 21-ე სალოტბარო სკოლამ ფუქნციონირება მარტში დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც.
ღონისძიებას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელები და საპატიო სტუმრები, მხარის გუბერნატორი, რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა სტუმრები.
„სალოტბარო სკოლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციული კულტურის გადარჩენისათვის. სკოლებში ყველა მსურველს საშუალება ეძლევა უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა. ცაგერის სალოტბარო სკოლაში, უკვე 26 მოსწავლეა. გვსურს, სურვილის შემთხვევაში, ნიჭიერმა მოსწავლეებმა უმაღლეს სასწავლებელშიც განაგრძონ სწავლა, რათა თავიანთ კუთხეებში პროფესიონალ ლოტბარებად დაბრუნდნენ... აი, უკვე სხვადასხვა სალოტბარო სკოლის 10-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია და იმედია, მალე თავიანთ კუთხეებში განაგრძობენ საქმიანობას." აღნიშნავს წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამარ ახობაძე.
ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც განაპირობებს სალოტბარო სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამჟამად, მთელ საქართველოში, 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას: "ჩვენთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კი, პირველი სალოტბარო სკოლა ხობში გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს ახალგაზრდა თაობაში, რაც თავის სათქმელს იტყვის ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში," - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, წელს, სკოლების გახსნა ცაგერის გარდა, უკვე დაგეგმილია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული ტრადიციული ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის ყველა სალოტბარო სკოლას საჩუქრად გადაეცა საკრავები, ინვენტარი და გაიმართა ინფრასტრუქტურა. ფოლკლორის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები - სიმღერა-გალობის განყოფილებები, მალე გაიხსნება ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.
კომენტარები