2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა FMO-სთან 103 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი ძირითადად მოხმარდება ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას, რომლებიც მართავენ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, ასევე ახალგაზრდა ფიზიკური პირების უზრუნველყოფას იპოთეკური სესხებით.

FMO-ს მიერ ლარის რესურსის მობილიზება მოხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების გზით. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის და FMO–ს გენერალურმა დირექტორებმა ისაუბრეს.
„გვეამაყება, წარმატებული ურთიერთობის დამყარება FMO - სთან, თიბისი ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან. ჩვენს ურთიერთობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ 12 წლის მანძილზე FMO-მ 350 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობით დააფინანსა მცირე და საშუალო ბიზნესები ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული და სუბორდინირებული სესხის სახით. დაფინანსების მიღება ადგილობრივ ვალუტაში უკიდურესად მნიშვნელოვანია მთლიანი ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ ისეთი სესხები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადია კლიენტების მხრიდან. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს თიბისი ბანკის პოზიციის გაძლიერებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის დაფინანსების თვალსაზრისით. ეს ტრანზაქცია მეტყველებს ორივე ინსტიტუტის მზაობაზე, განაგრძონ თანამშრომლობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტან ბუცხრიკიძემ.
FMO-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ვან მიერლომ განაცხადა: „FMO-ს ეამაყება, რომ აგრძელებს გრძელვადიან და წარმატებულ ურთიერთობებს თიბისი ბანკთან საქართველოში. ეს ახალი ტრანზაქცია თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს შეამციროს უთანასწორობის მასშტაბები და ხელი შეუწყოს ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით, ახალბედა მეწარმეების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური მომსახურებები. ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაში“. FMO (ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია) ხელს უწყობს კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე და ძირითადად ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი. 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ორმხრივი ბანკია, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსებაზეა ორიენტირებული. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.fmo.nl.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები