ბიზნესი
რას გააკეთებს მერია ჰაერის დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად - მევლუდ მელაძის მოსაზრებები დედაქალაქის მთავრობის გეგმებზე
2018-07-10 16:39:14
საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მოძველებული ავტოპარკის პრობლემაზე საუბრობს.
ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე საუბრისას დედაქალაქის მერის მოადგილე ყურადღებას ჯერ მოძველებულ ავტოპარკზე, შემდეგ კი საწვავზე ამახვილებს. მაია ბითაძის მტკიცებით, აუცილებელია, სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
„ბენზინთან მიმართებით პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა რჩება დიზელთან დაკავშირებით. ჩვენ თუ ტექნიკურად გამართულ ავტომობილში ჩავასხამთ დიზელს, რომელიც ევრო 3-ის სტანდარტის არის, ბუნებრივია, გამონაბოლქვთან დაკავშირებით, მძიმე ნივთიერებების გაფრქვევასთან დაკავშირებით პრობლემა მაინც გვექნება,“ - აცხადებს მაია ბითაძე. მისივე თქმით, ყვითელი ავტობუსების შავი გამონაბოლქვი არა თავად ავტობუსის, არამედ დიზელის ხარისხის ბრალია. თბილისის მერია გეგმავს, რომ მომავალი წლიდან ტენდერი გამოაცხადოს და მომწოდებელს ევრო 6 ტიპის დიზელი მოსთხოვოს.
ამ მოსაზრების საპასუხოდ, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე განმარტავს, რომ არ არსებობს ევრო 6 ტიპის დიზელი. მისი თქმით, ევრო 6 არის გამონაბოლქვის სტანდარტი, რომელიც ეხება ავტომობილებს, და არა დიზელს. მისივე მტკიცებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გამონაბოლქვი არა საწვავის, არამედ სისტემის სიძველის ბრალია.
„ყვითელი ავტობუსების ძრავები და სისტემა ძალიან ძველია და აბსოლუტურად გამოსულია წყობიდან. ეს არ არის საწვავის ბრალი. გამონაბოლქვს ავტობუსის გაუმართაობა იწვევს,“ - აცხადებს მევლუდ მელაძე. საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ საწვავის მაღალი ხარისხის მიუხედავად, ავტომობილის გამონაბოლქვი მაინც მავნე იქნება ჯანმრთელობისთვის. თბილისის მერის მოადგილის მოსაზრება, რომ ევრო 5 ტიპის დიზელს მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს, მევლუდ მელაძისათვის მიუღებელია.
„მაღალი ხარისხის საწვავის მომხრე მეც ვარ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ ავტოპარკს უნდა მივხედოთ. მაღალი ხარისხის საწვავის დაწესება ცუდი არ არის, მაგრამ ეს მდგომარეობას არ შეგვიცვლის. პირველ რიგში, სიტუაციის გამოსწორების ვალდებულება სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე, შეცვალოს ტრანსპორტი, განაახლოს ავტოპარკი და შემდეგ დააკისროს ვალდებულებები კერძო პირებსა თუ საწვავის მომწოდებლებს. რაც არ უნდა მაღალი ხარისხის საწვავი ჩავასხათ, მაგალითად, ყვითელ ავტობუსებში, ძალიან უმნიშვნელო ცვლილებას მივიღებთ და საერთო სურათი არ შეიცვლება. აპარატურა ვერ უზრუნველყოფს საწვავის სრულ წვას, ამასთან, საწვავთან ერთად იწვება ძრავის ზეთიც და ეს ნაზავი აბინძურებს გარემოს. არასწორი წვის შედეგია ეს გამონაბოლქვიც. თუ კარგი ავტოპარკი არ გვაქვს, ვერაფრით ვერ ავცდებით გამონაბოლქვს,“ - აცხადებს მევლუდ მელაძე.
საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურება მხოლოდ ავტომობილის გამონაბოლქვით არ ხდება. მევლუდ მელაძის მტკიცებით, ამ პრობლემის ერთ-ერთი სათავე დაურეგულირებელი მშენებლობებია.
„ჰაერის დაბინძურება ყველაზე ხშირად ავტომობილს ბრალდება და აღარ ჩანს ბევრი სხვა მიზეზი, მაგალითად, მშენებლობები. არანაირი წესი და არანაირი ნორმა არ არსებობს. სამშენებლო მასალებიდანაც გამოიფრქვევა მავნე ნივთიერებები. მე, როგორც მექანიკოსი ვიტყვი, მარტივ მაგალითს მოვიყვან. ევროპაში ავტომობილის ჰაერის ფილტრებს ცვლიან 10-15 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, საქართველოში კი, შესაძლოა 2-3 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ ავტომობილმა წვას უმატოს. მიზეზი ჰაერის ფილტრია. 5 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ჰაერის ფილტრი ისეა დაბინძურებული მტვრით, რომ თუ გამოცვლა არა, დაფერთხვა მაინც სჭირდება. ეს მტვერია, რასაც ჩვენც ვსუნთქავთ და წარმოიდგინეთ, ფილტვები რა მდგომარეობაშია. ეს ხომ გამონაბოლქვის ბრალი არ არის, ეს არის მტვერი, რომელიც მშენებლობიდან გაიფრქვევა ჰაერში,“ - აცხადებს მევლუდ მელაძე.
კომენტარები