მსოფლიო
გიგი ხაბეიშვილი: „ჰიპერტენზიის მქონდე ადამიანმა აუცილებელია იცოდეს, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან აქვს საქმე“
2018-05-30 14:23:13
დადასტურებულია, რომ არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი მნიშვნელოვნად, ამცირებს თავის ტვინის ინსულტისა და გულის კორონარული დაავადების განვითარებას
მსოფლიომ წელს მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადა და კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი აიღო. კამპანია სოციალური და გლობალური პროექტია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას ემსახურება, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
უახლესი მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი ებრძვის ჰიპერტენზიას და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს, გავამახვილოთ ყურადღება ჰიპერტენზიაზე და ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ დაავადების შესახებ. ახალგაზრდების წახალისება ხელს შეუწყობს მათი მშობლებისა და ახლობლების მოტივაციას, რათა შემოწმდეს მათი წნევის მაჩვენებლები და მოხდეს დაავადების უკეთესი მონიტორინგი. საზოგადოების ინფორმირება ჰიპერტენზიის შესახებ ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანია წინაპირობაა.
როგორია საქართველოში დაავადების სტატისტიკა, რამდენი ადამიანია შეპყრობილი ჰიპერტენზიით, როგორია დაავადების სიმძიმის შესახებ ცნობადობის დონე საზოგადოებაში, როგორ ვებრძოლოთ და ვმართოთ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება, ექიმი - კარდიოლოგი, კლინიკა „ევრომედის“ ხელმძღვანელი გიგი ხაბეიშვილი:
- არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან. სტატისტიკურად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით, 30-40 პროცენტი ჰიპერტენზიითაა დაავადებული.
- რა სიმპტომები ახასიათებს არტერიულ ჰიპერტემზიას?
- არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა ჩივილების, სიმტომებისა და ყოველგვარი გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობდეს. გამორიცხული არ არის, ჰიპერტენზიით შეპყრობილი ადამიანი, წნევასაც კი არ აკონტროლებდეს, უბრალოდ ვერ ხედავდეს ამის საჭიროებას. დაავადების პირველმა ნიშნებმა შესაძლოა, თავი იჩინოს გართულებების განვითარების შემდეგ. ჰიპერტენზიას რაიმე სპეციფიური ჩივილი არ ახასიათებს. იგი ხშირად წნევის შემთხვევითი გასინჯვისას ვლინდება და შესაძლოა, ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა. როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გულის ფრიალი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, ცხვირიდან სისხლდენა, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში, კანის სიწითლე. აქ საყურადღებოა,თუ რომელი ორგანოა დაზიანებული არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ზიანდება გული და სისხლძარღვები. სისხლძარღვების დაზიანების დროს სამიზნე ორგანოებია : თავის ტვინი, გული და თირკმელი. მაგალითად, თუ დაზიანდა თავის ტვინის სისხლძარღვები ადამიანს ექნება თავის ტკივილი, პირღებინება, თაბრუს ხვევის შეგრძნება, მხედველობის დაქვეითება. თუ პრობლემა გულზეა, დაავადებისთვის დამახასიათებელიადა ის გამოიხატება არითმიებით ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით. ზოგადად ხშირია, თავის ტვინის, გულისა თირკმელის სისხლძარღვების დაზიანება.
- ზოგადად,რამდენი გაზომვით დგინდება,რომ ადამიანს აქვს არტერიული ჰიპერტენზია?
- დადგენილია,კონკრეტული ციფრები,რომელიც ითვლება მაღალ და დაბალ მაჩვენებლად. 135 სისტოლური და 95 დიასტოლურის ზემოთ ითვლება მომატებულად, მაგრამ მის ფარგლებში ითვლება, რომ წნევა ნორმალურია. რაც შეეხება, წნევის გაზომვას, აუცილებელია, რომ ადამიანმა წნევა მჯდომარე მდგომაორებაში ორჯერ გაიზომოს და შემდგომ საშუალო ციფრი გამოთვალოს.
- რომელ ხელზე სჯობს წნევის გაზომვა ?
- პირველად, ადამიანმა წნევა ორივე ხელზე უნდა გაიზომოს, რადგან არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომლის დროსაც სხვადასხვა ხელზე არსებული წნევის მაჩვენებლებს შორის ძალიან დიდი სხვაობა ფიქსირდება.
- ზოგადად ,თუ არსებობს კონკრეტული ასაკი,რომლის შემდეგაც ადამიანმა ძალიან ხშირად უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა ?
- ზოგადად, წნევის მატება შეიძლება ნებისმიერ ასაკში მოხდეს, მაგრამ ძირითადად, ეს ხდება 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს. აუცილებელია, რომ ყველამ იცოდეს, თუ წნევის მატარებელია. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ეს არის მუდმივი პროცესი და ადამიანმა საჭირო მედიკამენტი, მხოლოდ ერთხელ არ უნდა მიიღოს. აუცილებელია, ყველამ იცოდეს, რომ არცერთი წნევის მედიკამენტი წნევას არ არჩენს.წნევის მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა მოიშოროს ის რისკფაქტორები,რომელმაც შეიძლება ჰიპერტენზიას პროვოცირება მისცეს. მაგალითად, როგორიცაა, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების სტილი, უარი უნდა თქვას მარილიან საკვებზე და სხვა. ამის ხარჯზე შეიძლება წნევამ რამდენიმე ერთეულით დაიკლოს ,მაგრამ ამით შეუძლებელია ის დარეგულირდეს.
- და ბოლოს, როგორია საზოგადოგადოების მიდგომა ამ დაავადებისადმი ? რამდენად რთულ პრობლემად აღიქმება ჰიპერტენზია თავად დაავადებულების მხრიდან?
- ჰიპერტენზიის მქონდე ადამიანმა იცოდეს,რომ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან აქვს საქმე. არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს ორივე სქესის, სხვადასხვა ასაკისა და რასობრივი ჯგუფებისათვის. დადასტურებულია, რომ არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი მნიშვნელოვნად, ამცირებს თავის ტვინის ინსულტისა და გულის კორონარული დაავადების განვითარებას. ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური რეკომენდაციების გათვალისწინება და წნევის რეგულარული კონტროლი. ჩვენის საზოგადოების დიდი ნაწილი, დაავადების სირთულეს აღიქვამს, მხოლოდ მისი გართულების შემდეგ.
კომენტარები