ბიზნესი
კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვა გაიმართა
2018-03-13 12:21:57
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვა მოაწყო. განხილვაზე შეფასდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია და გაიმართა დისკუსია. ღონისძიებას დაესწრნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ასევე, ბიზნესის, საფინანსო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს დამტკიცებული კაპიტალის ბაზრის რეფორმის გეგმის 67.7% შესრულებულია. გასულ წელს აღნიშნული მაჩვებელი 51% იყო. ბოლო 1 წლის განმავლობაში, სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სააგენტოების სიას (Moodys, S&P და Fitch) დაემატა გერმანული სარეიტინგო სააგენტო Scope, როგორც სანდო სააგენტო ეროვნული ბანკის მიერ გირაოდ მისაღები ფასიანი ქაღალდების რეიტინგებისათვის. ასევე, ე.წ Free-float-ის შეღავათი საგადასახადო კოდექსში შეიცვალა უფრო ფართო და ინვესტორებისათვის მოსახერხებელი შეღავათებით, რომლის თანახმადაც გადასახადისგან გათავისუფლდა კაპიტალური მოგება (capital gain). საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა საგადასახადო რეფორმების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ფინანსური ინსტურმენტების დაბეგვრას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამას გარდა, განისაზღვრება ისეთი ინსტრუმენტების სწორი დაბეგვრის მიდგომები, როგორებიცაა დერივატივები, რეპო და ფასიანი ქაღალდების გასესხება. კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმის ნაწილია საპენსიო რეფორმაც, რომლის საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია. რეფორმის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვთ დაინტერესებულ ჯგუფებს, რომელთა განხილვა შეხვედრის ფარგლებში დისკუსიის დროს მოხდა. „რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც G4G USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას წელიწადში ორჯერ. შეფასების შედეგები ქვეყნდება ვებ-გვერდზე: ReforMeter.iset-pi.ge
კომენტარები