0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან საქართველოში სესხების გალარების პროგრამა ამოქმედდა - ფინანსთა სამინისტროს განცხადება

გალარების ერთჯერად პროგრამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სესხების გალარების პროგრამა ერთჯერადია და ის ორი თვე გაგრძელდება. 

"დღეიდან, 17 იანვრიდან საქართველოში სესხების გალარების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ერთჯერადია და ის ორი თვე გაგრძელდება.

პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე.

სუბსიდია შეეხება მხოლოდ უზრუნველყოფილ ნაწილს, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ბოლო არსებული შეფასებით. გალარების პროგრამა მოიცავს სესხებს, რომელთა მიმართებაში ბანკი არის (ან პორტირების შემთხვევაში იქნება) პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი (იპოთეკარი). 
ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში თავისუფლდება უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების (იპოთეკის) რეგისტრაციისთან დაკავშირებული საფასურისგან.

სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი.

სუბსიდია არ შეეხება მათ, ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, გამლარებელ ან სესხის გადატანის შემთხვევაში, იმ ბანკში საიდანაც სესხის გადატანა ხდება, აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წელს 100 ათას ლარს აღემატებოდა.
მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. 
პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას.

სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

დამატებითი ინფორმაცია სესხების გალარების პროგრამის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (www.mof.ge) და საქართველოს ეროვნული ბანკის (www.nbg.gov.ge) ოფიციალურ ვებგვერდებზე," - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები