0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას სთავაზობს. სააკაშვილი "ფეისბუქზე" ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
"მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა. ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს. მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა. გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად. მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას. მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში,"- წერს ყოფილი პრეზიდენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები