2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართავს

  " პატივცემულო ბატონო ბიძინა, გაოცებული დავრჩი თქვენი 10 ნოემბრის ინტერვიუს გაცნობის შემდეგ, რომელშიც თქვენ უარჰყოფთ, რომ საფინანსო ორგანოები ბიზნესს ავიწროებენ და მათ მიერ ხორციელდება ზეწოლა, და რომელშიც თქვენ აცხადებთ, რომ მე მრავალი საეჭვო გარიგება მქონია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, და რომ მე სააკაშვილის და მერაბიშვილის ნოსტალგია მაქვს. ნება მომეცით შეგახსენოთ რამდენიმე ისტორიული ფაქტი: მე გახლდით ერთადერთი ბიზნესმენი საქართველოში, რომელიც ებრძოდა ბიზნესის შევიწროებას სააკაშვილის ადმინისტრაციის ფინანსური პოლიციის მიერ და ამის გამო მძიმე საფასური გადავიხადე მაშინ, როდესაც თქვენ იმ ადმინისტრაციის ნომერი პირველი მხარდამჭერი და მისი მთავარი დამფინანსებელი ბრძანდებოდით. თქვენი ბრალდება მაგონებს არაბ მმართველებს, რომლებიც მათი პოლიტიკის კრიტიკოსებს გამუდმებით ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი „ისრაელის აგენტები“ არიან. როდესაც მე მოზარდი ვიყავი, ჩემმა აწ გარდაცვლილმა მამამ პირობა დამადებინა, რომ არასოდეს შევუერთდებოდი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას; 2012 წლის ზაფხულში, როდესაც თქვენ პირადად და თქვენი ბიზნესი გახდა წინა ხელისუფლების შეტევების სამიზნე და თქვენ მნიშვნელოვანი აქტივები ჩამოგერთვათ, მე იმდენად განრისხებული და იმედგაცრუებული ვიყავი, რომ სოლიდარობის ნიშნად ქართულ ოცნებაში გაწევრიანებაც კი გადავწყვიტე, მიუხედავად მამისთვის მიცემული დაპირებისა. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც მე არ შევუერთდი თქვენს პარტიას გახლდათ ის, რომ ვიყავი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, რომელიც აპოლიტიკური ორგანიზაციაა; თუმცა, 2012 წლის ოქტომბერში მე თქვენს პარტიას მივეცი ხმა და, თუ მეხსიერება არ გიღალატებთ, გეხსომებათ, რომ 2012 წლის 5 ოქტომბერს მე მოვაწყე თქვენი პირველი შეხვედრა ბიზნეს საზოგადოებასთან. შეგახსენებთ ამ შეხვედრის დროს თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს; ვციტირებ: „პირობას ვდებ, რომ ჩემი მთავრობა ყველა ბიზნესს თანაბარ პირობებს შეუქმნის და აღმოფხვრის სახელმწიფოს მიერ ბიზნესის შევიწროების პრაქტიკას“. „თუკი მთავრობის ოფიციალური პირი განახორციელებს თქვენზე ზეწოლას, მაშინათვე შემოჰკარით განგაშის ზარებს“. „გარანტიას გაძლევთ, რომ ვერავინ გაბედავს ბიზნესზე ზეწოლას და ამგვარი ზეწოლის პირველივე შემთხვევა მკაცრად იქნება დასჯილი. მაგრამ არც თქვენ არ უნდა დაემორჩილოთ მას [ზეწოლას] და ხმამაღლა უნდა განაცხადოთ ამის შესახებ, რათა ჩვენ უფრა ადვილად გამოვიძიოთ ამგვარი ქმედებების გარემოებები. განცხადეთ ხმამაღლა, თუ პრობლემები შეგექმნათ, რათა მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება“. „მთავრობა შორს უნდა იდგეს ბიზნესისაგან. უნდა შეაწუხოთ მთავრობა, თუკი კანონმდებლობა არ ვარგა, ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს და არა პირიქით.“ „როგორც კი მთავრობიდან ვინმე ეცდება დაგიმეგობრდეთ, უმალ უნდა დაიწყოთ ყვირილი: „მაუპატიურებენ ...“ და უნდა შემოჰკრათ განგაშის ზარებს, როგორც კი ვინმე მთავრობიდან შემოგთავაზებთ „დახმარებას“. პატივცემულო ბატონო ბიძინა, ჩვენ მივყევით თქვენს ინსტრუქციებს სიტყვა-სიტყვით და სამი წლის განმავლობაში ყველა სახის განგაში გავაჟღერეთ, ხმამაღლა ავლაპარაკდით, რათა თქვენთვის უფრო ადვილი ყოფილიყო გაგება, არ დავემორჩილეთ ზეწოლას და ვუკიჟინებდით მთავრობას, რომ კანონმდებლობა ნაკლიანი იყო, ასჯერ ვიყვირეთ, რომ „გვაუპატიურებდნენ“, მაგრამ სამწუხაროდ, გამგონი არავინ იყო და თქვენი შეპირებები 2012 წლის 5 ოქტომბრის მზესთან ერთად ჩაესვენა! რამაც ყველაზე უფრო გამაოცა თქვენს გუშინდელ ინტერვიუში არის თქვენი განცხადება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ავტორიტეტული ორგანიზაციები, დიპლომატები, საზღვარგარეთის მედია და საქართველოში უცხოელი ელჩები - ყველანი შეცდომაში არიან შეყვანილნი; მაშასადამე, თქვენი აზრით, ყველა მტყუანია, საქართველოს მოსახლეობის 89 პროცენტის ჩათვლით და თქვენი მმართველი კოალიციაა მართალი! პატივცემულო ბატონო ბიძინა, სანამ თქვენ თვალს დახუჭავთ რეალობაზე, საქართველოში მდგომარეობა გაუარესდება და თქვენი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა; და ხალხს არა მხოლოდ სააკაშვილის და მერაბიშვილის, არამედ შევარდნაძის და საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაც შეიძლება გაუჩნდეს! მე გირჩევდით, უფრო ყურადღებით მოუსმინოთ მათ, ვინც გაკრიტიკებთ და არა მათ, ვინც გმლიქვნელობთ! მაშინ უკეთ გაიგებთ, რაც ხდება სინამდვილეში და რატომ არის ეკონომიკა ასეთ ცუდ დღეში, და რატომ არის თქვენს მიერ დანიშნული მთავრობა თავისუფალ ვარდნაში! საუკეთესო სურვილებით, ფადი ასლი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე" ნათქვამია წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები