2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რუსთავი 2-ის საქმეში ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ", - ტომ დე ვაალი

კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი რუსთავი 2-ის საქმეს ეხმაურება. მისი თქმით,  მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოზე და მის საერთაშორისო იმიჯზე. 

“როდესაც სასამართლო ღამით იღებს გადაწყვეტილებას ისეთ რთულ საქმეზე, როგორიც ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლაა, ეჭვგარეშე ტოვებს “სატელეფონო მართლმსაჯულების” შთაბეჭდილებას და საკმაოდ საგანგაშოა,” - მიიჩნევს ექსპერტი.

დე ვაალის აზრით, მთელ რიგ საკითხებში, მაგალითად, როგორიცაა რუსთავი 2-ის საქმე ან სააკაშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მოქმედებები, “ჩვენ ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ”.

“როგორც ჩანს, ივანიშვილი კულისებიდან იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ბევრ პრობლემას ქმნის. არა იმიტომ, რომ ივანიშვილი სრულად აკონტროლებს ყველაფერს, არამედ იმიტომ, რომ პრემიერმინისტრს ეშინია გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. რეალურად, მთავრობაში ძალიან ცოტა ვინმე თუ იღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს პირადად. ამგვარად, ჩვენ მივიღეთ მთავრობა, რომელიც ერიდება საქმის კეთებას.მაგალითად, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებითაც, როგორიც ეკონომიკის სფეროა", - ამბობს ექსპერტი.

დე ვაალი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია რიგითი მოქალაქეებისთვის კანონის უზენაესობის მიმართლებით. თუმცა, მისი აზრით, არსებობს ძალიან ბევრი ნიშანი, რომ ქვეყანაში "პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა" მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების მიმართ, რაც ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობას ჰგავს," - ამბობს ექსპერტი.

"ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. ქვეყანა მომავალზე უნდა ფიქრობდეს. თუმცა, ქართული ოცნების მთავრობა წარსულში "გაეჩხირა" - დღემდე სააკაშვილს ებრძვის, როგორც 2012 წელს," - აცხადებს ტომ დე ვაალი JAMnews-თან ინტერვიუში. 



მისი თქმით, დღეს საქართველო მთელ რეგიონში პლურალისტური მედია-გარემოთი გამოირჩევა და ეს მიღწევა, შესაძლოა, საფრთხოს ქვეშ დადგეს: "მე არ ვამბობ, რომ ჟურნალისტიკის ხარისხი ყოველთვის მაღალია, მაგრამ არის პოლიტიკური აზრის მრავალფეროვნება, რაც სხვადასხვა საკითხზე თავისუფალი, დემოკრატიული მსჯელობის შესაძლებლობას გულისხმობს. თუ რუსთავი 2-ის ახალი მფლობელები სარედაქციო პოლიტიკას შეცვლიან, მაშინ შეიქმნება საფრთხე, რომ სატელევიზიო სივრცეში კვლევ ერთი პარტია იქნება დომინანტი, როგორც ეს 2007 წელს, იმედის მითვისების შემდეგ მოხდა. ტელესივრცეში არ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილი, რომლის რამდენიმე წევრი უკვე ციხეშია," - მიიჩნევს ექსპერტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები