2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ცეზარ ჩოჩელი თემურ ჭყონიას პასუხობს

კომპანია „ზედაზენის" დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი „კოკა კოლას" პრეზიდენტ თემურ ჭყონიას მიერ „კომერსანტთან“ გაკეთებულ განცხადებებს  პასუხობს. ორი დღის წინ ჭყონიამ „კომერსანტთან" სავალდებულო მარკირების შემოღების თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ზედაზენმა" პრინციპს უღალატა და შეთანხმებას გადაუხვია. 

 

ასეთი შეფასებები ბიზნესმენმა „ზედაზენის“ ქარხანაში  ფინანსთა მინისტრის ვიზიტის კომენტირებისას გამოთქვა.

 

ორი დღის წინ, „ზედაზენის" ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა ნოდარ ხადურმა მოინახულა. შეხვედრაზე „ქართული ლუდის კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები.

 

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნული ვალდებულების შემოღებას, მეორე დღეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის და „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაციის" წევრებისთვის უცნობი იყო კომპანია „ზედაზენის" ეს პოზიცია. მისი თქმით, როგორც ჩანს ამ კომპანიას არ აქვს ისეთი დანადგარები, რომელიც სწორ აღრიცხვას აკეთებს. „აპარატის დადგმა ბევრ არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ არ მომეწონა ის, რომ „ზედაზენმა" იმ პრინციპს უღალატა და იმ შეთანხმებებს გადაუხვია, რაც ჩვენ გვქონდა"-აცხადებდა ჭყონია.

 

commersant.ge–ზე თემურ ჭყონიას აღნიშნული განცხადებების გაცნობის შემდეგ ცეზარ ჩოჩელმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება გადაწყვიტა. როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტს“ განუცხადა, ის და მისი კომპანია არანაირ ორგანიზაციაში არ არიან გაწევრიანებული და შესაბამისად, არავითარი პირობა არ ჰქონიათ. „მე არანაირი ასოციაციის წევრი არ ვარ, ვისთან გააფორმეს მათ ასოციაციის წევრობაზე ხელშეკრულება, არ ვიცი"-აცხადებს ჩოჩელი.

 

მისი თქმით, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელებს რამდენჯერზე ჰქონდათ შეხვედრა მარკირებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ სავალდებულო მარკირების შემოღება არ ასახულიყო კომპანიების ფინანსურ საქმიანობაზე და მოსახლეობისთვის მიწოდებულ პროდუქციის ფასზე. ამაზე სახელმწიფო დაგვთანხმდა და ხარჯს თვითონ იხდის. აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას - თუ სახელმწიფო ამ ხარჯს თავისთავზე იღებს და ჩვენ ამით არანაირი დამატებითი ვალდებულება არ გვიჩნდება და, შესაბამისად, არც მომხმარებელს, რადგან მას პროდუქცია არ უძვირდება, მაშინ რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, თუ მართლა ის ეჭვი, რაც ხელისუფლებას ჰქონდა აღრიცხვასთან დაკავშირებით, სიმართლე არ არის?“-აცხადებს ჩოჩელი.

 

„ზედაზენის" დამფუძნებელი გამოთქვამს ეჭვს, რომ ჭყონიას კომპანიაში აღრიცხვიანობის პრობლემა აქვს. „რა ისტერიკაშიც ჭყონიაა, გამიჩნდა ეჭვი, რომ მას აღირცხვიანობის პრობლემა აქვს. მას აქვს ეჭვი, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებასთან გარიგებულები? ჯგუფი, რომელიც მუდმივად, ყველა ხელისუფლების დროს არაკომფორტულ სიტუაციაში ვიყავით და თვითონ არცერთი ხელისუფლების დროს შევიწროებული არ ყოფილა. მე ამის ეჭვი მაქვს, აბა რა ხდება? გადასახადს არ გვიმატებენ, ახალი დანადგარები შესაძენი არ არის, დამატებითი არანაირი ვალდებულება არ გვექნება,"-აცხადებს ჩოჩელი.

 

ბიზნესმენი ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფომაც უნდა ჩათვალოს, რომ ბიზნესი გამჭვირვალეა. 

„რაც უფრო დაწყნარებულები ვიქნებით, რაც მეტად იქნება ბიზნესი გამჭვირვალე, მით უკეთესია. მუდმივად ასე ერთმანეთზე გადაბრალება ვინ ვისთან არის შეკრული და ვინ რა პირობას არღვევს, არ შეიძლება. მე ვიცი რომ ჩემი ბიზნესი გამჭვირვალეა, დანადგარის დამატება არ მინდა, სახელმწიფო გადასახადს არ მიწესებს, რატომ უნდა გავჯიუტდე? ამის დაყენებით სახელმწიფოსაც გაეფანტება ის ეჭვი, რომ ჩვენი ბიზნესები გაუმჭვირვალეა და შესაძლოა ერთხელაც ჩათვალოს, რომ მისთვის ეს ზედმეტი ხარჯია და გადაწყვეტილება შეცვალოს"-აცხადებს ჩოჩელი.

 

რაც შეეხება ჭყონიას არგუმენტს, რომ სავალდებულო მარკირება სახელმწიფოსთვის დამღუპველია, ჩოჩელი აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის დამღუპველი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. „ჭყონიას რომ კითხოთ, კახელ გლეხს დახმარება არ უნდა და ჭყონიასნაირ ხალხს უნდა დახმარება? „-აცხადებს ჩოჩელი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისთვის სავალდებულო მარკირების შემოღების შესახებ ერთი თვის წინ ბრძანება გამოსცა. მიუხედავად, ამ ბაზრის მოთამაშეების პროტესტისა, აღნიშნული ვალდებულება 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. სერვისს შემოსავლების სამსახური, საკუთარი მომსახურებებიდან მიღებული თანხებით დააფინანსებს.

 

ელექტრონულ მარკირებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელებს შვეიცარული კომპანია „SICPA Security Solutions SA".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები