0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე"

ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ გააკეთონ არასწორი დასკვნები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც პოლიტიკოსებისა და ე.წ ექსპერტებისგან იღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს, არ აყვნენ შექმნილ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს და დაეყრდნონ მთავრობისგან მიწოდებულ ინფორმაციას.
„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. მინდა, მივმართო მოსახლეობას, არ აყვნენ ამ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს, რადგან დიდი შანსია იმისა, რომ თუ ამ აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე ბევრად მეტს დაკარგავენ, ვიდრე მოიგებენ. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენს მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი უკვე გადავიარეთ. ინფლაცია გვაქვს დადგენილი პარამეტრების მიხედვით. 330 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული ქვეყნიდან, წლის დასაწყისში არსებული დისბალანსი გასწორებულია და ფუნდამენტური პრობლემები არ გვაქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნას. ჩვენი ვარაუდით და ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეს მალე გადაივლის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად გახსნილი იქნება, რათა მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.
ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სახელით, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს და აჟიოტაჟს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ექსპერტების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ, დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ნუ აყვებით, გაუგებარ, უპასუხისმგებლო ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან. ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ თითქოს უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები არიან, დღეს ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოსახლეობას, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.
მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და სიტუაცია, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გამოსწორებას ექვემდებარება, - ეს განმარტება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვიცე-პრემიერის თქმით, ეკონომიკური გარე შოკის შედეგები დაბალანსებულია და აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება მთლიანად დააბალანსა.
„ქვეყნიდან ჯამში გავიდა 332 მილიონი დოლარით ნაკლები. ფულადი გზავნილების შემცირება იყო მხოლოდ 202 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ზუსტდება. პრივატიზაციიდან შემოსულია 110 მილიონი ლარის ექვივალენტი დოლარში. ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებენ, საბოლოო ჯამში წაგებული დარჩებიან. სექტემბრის ბოლო და ოქტომბერი იქნება სადოლარე და სალარე სესხების გადახდის პერიოდი. ჩვენ მთლიანად გვაქვს დათვლილი ფულის მიმოქცევის სქემები, სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთები, რომლებიც თანდათან გამოვა ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ფულის მიმოქცევა უახლოეს დღეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ხდებოდა გუშინ, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს, არც აქამდე და არც ამის შემდეგ, გაცვლითი კურსის გაუარესებაზე, არანაირი ზეგავლენა არ ექნება, - ინფორმაცია მთავრობის წევრებს ფინანსთა მინისტრმა მიაწოდა. ნოდარ ხადურის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ქვეყანაში იანვარ-ივლისში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. „ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც ვიღებთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის წმინდა საბიუჯეტო დახმარება. წლის ბოლომდე ველოდებით კიდევ 110 მილიონ დოლარს. წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცედენტოდ თანაბარი წლის განმავლობაში. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და მინდა გავიზიარო მოსაზრება, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. დღემდე, ხაზინაში დავაგროვეთ 300 მილიონ ლარზე მეტი, გვაქვს 700 მლნ ლარზე მეტი დეპოზიტები და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავლები გვექნება, რომელსაც არ დავხარჯავთ, ანუ ბაზარს არ დავაწვებით ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები