0 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რატომ არ უნდოდა ლელა მებურიშვილს ჯვრისწერის ფოტოების გამოქვეყნება და რის გამო საყვედურობს მას მეუღლე

ქეთი კაპანაძე 

მსახიობი ლელა მებურიშვილი, მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა, ჯერჯერობით ისევ თბილისშია. მოუთმენლად ელის სერიალის გადაღებების დასრულებას, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასვლა მოახერხოს. თუმცა, მიუხედავად გადატირთული გრაფიკისა, მან უკვე შეძლო და მეუღლესთან და პატარა ალექსანდრესთან ერთად, ესპანეთში საქმიანი ვიზიტით მყოფმა, ცოტა დაისვენა კიდეც.

 

– ლელა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომლებზედაც შენი ოჯახური დასვენებაა ასახული. სად და როგორ გაატარეთ დრო?
– ზოგადად, მე სოციალური ქსელები არ მიყვარს. ამიტომ, ძალიან იშვიათად ვიყენებ. მაგრამ, ერთი-ორი ფოტოც რომ დავდოთ, მე ან ჩემმა მეუღლემ და ისიც ძალიან იშვიათად, აუცილებლად სტატიების წყარო ხდება. თუმცა, ეს მარტო ჩემს შემთხვევაში არ ხდება. ჯვრისწერის ფოტოების გამოქვეყნებაც არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვაქვეყნე და ათასი ჭორი მოჰყვა (იცინის). ამბობდნენ, ტორტის მაგივრად თევზი დაჭრესო და ასე შემდეგ. ტორტის მაგივრად ნამდვილად არაფერი დაგვიჭრია, უბრალოდ ფოტო გამოვიდა ცოტა სასაცილო. რაც შეეხება ამ ფოტოებს, ესპანეთში ვიყავით, მაგრამ დასასვენებლად არა. მე და ბაჩო საქმეზე წავედით და მერე, ცოტა ხნით, ჩემს მეგობრებთან დავრჩით. ბავშვიც თან წავიყვანე, იმიტომ, რომ ჯერ მარტო არასდროს დამიტოვებია და მერჩივნა, ჩემთან ერთად ყოფილიყო. ასე უფრო მშვიდად ვიგრძნობდი თავს. საბოლოო ჯამში, ოჯახური დასვენებასავით გამოგვივიდა. საქმე რამდენიც არ უნდა გქონდეს, განტვირთვის დრო მაინც გრჩება, თუნდაც საღამოს და ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს დრო გამოგვეყენებინა.
– ბავშვთან ერთად პირველად იყავით წასულები. როგორ გაატარეთ დრო?
– სხვათა შორის, ყველას გაუკვირდა, ბავშვის წაყვანა რომ გადავწყვიტე. გაგიჟდიო? – მეკითხებოდნენ (იცინის). მაგრამ ალექსანდრე ძალიან კარგად მოიქცა. თვითმფრინავში ყველას ეკონტაქტებოდა და ეცეკვებოდა. ძალიან აქტიური ბავშვია. მთავარია, ყურადღება მიიქციოს და მეტი არაფერი სჭირდება. არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ჭამა უყვარს და იქაც ყველაფერს გემრიელად მიირთმევდა. ჩემს მეგობარს, რომელთანაც იქ ვიყავით, პატარა შვილი ჰყავს და მასთან ერთადაც კარგად გაერთო. მოკლედ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ და როგორც ვთქვი, ბავშვი იმდენად კარგად იქცეოდა, მგონი, მის გარეშე აღარსად წავალ (იცინის). 
– ეს იყო თქვენი პირველი დასვენება შვილთან ერთად. მეუღლესთან ერთად სად და როგორ დაისვენე პირველად?
– მე და ბაჩოს ქორწინებამდეც ძალიან ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. თუ სხვა ქვეყანაში მივდიოდი გასტროლზე ან გადაღებაზე, ბაჩო აუცილებლად ჩამოდიოდა. მაქსიმალურად ცდილობდა, ზაფხული ისე დაეგეგმა, რომ ერთად დიდი დრო გაგვეტარებინა. ამიტომ, დაქორწინებისას უკვე კარგად ვიცოდი, როგორი იყო მასთან ერთად დასვენება. ყოველთვის ცდილობს, კომფორტი შეგიქმნას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის,  თავი კარგად იგრძნო. ამიტომ, მასთან ერთად დასვენება ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მწყდება ხოლმე გული, თუ სადმე ჩემთან ერთად ვერ მოდის. როცა ბავშვებთან ერთადაა, თვითონაც ისე იქცევა, როგორც ბავშვი. იმიტომ კი არა, რომ ბავშვებს ასიამოვნოს, უბრალოდ, ბავშვებთან თვითონ მართლა ძალიან კარგად ერთობა (იცინის). ძალიან აქტიურია, სულ თამაშობს, აუზში ხტებიან და ერთ ამბებში არიან ხოლმე. ხან კალათბურთს თამაშობენ, ხან ფეხბურთს და ხან დაჭერობანას. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებზე მეტს ბაჩო ცელქობს. მათ შეიძლება გაიგონ, რომ იქ პატარას სძინავს და უნდა გაჩერდნენ, მაგრამ ეს ისევ აიყოლიებს (იცინის). ამ ყველაფრის გამო, ხშირად სასაცილო შემთხვევები ხდება. რამეს რომ გააფუჭებს, მერე ბავშვებს აბრალებს. ამიტომ, თუ ახლობლის ბავშვებს რამე გაუფუჭდებათ, მიზეზი აქვთ. ამბობენ: ბაჩო იყო მოსული და მან გააფუჭაო (იცინის). 
– ახლა რა გეგმები გაქვთ, როგორ აპირებთ შვებულების გატარებას?
– ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება გადაღება და დასასვენებლად წავალ. ბაჩო ჯერჯერობით ჩვენთან ერთად ვერ მოდის. ალბათ, რამდენიმე დღით წამოვა და მინდა ბახმაროში წავიდეთ. იქ დასასვენებლად მეც პირველად მივდივარ და ყველა მეუბნება, ზამთარია და თბილი ტანსაცმელი წაიღეო. ძლივს ზაფხული გვაქვს და მერე შეიძლება ვინანო, რომ ზამთარში მივდივარ, მაგრამ იქაურობა იმდენად ლამაზი და კარგია, თან, ბევრი მეგობარი მყავს და რაც მთავარია, ბავშვისთვისაა ძალიან კარგი. ასე რომ, ღირს. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემი და ბაჩოს დასვენების სტილი რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ აქტიური დასვენება, ზღვა, გართობა, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა გვიყვარდა. თუმცა, როცა უკვე შვილი გყავს, მაქსიმალურად მის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავ. თუმცა, ყოველდღე, როცა სახლში ვბრუნდებით, ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ, რომ ჩვენც არ მოვიწყინოთ. რომ გითხრა, ბოლომდე გამოგვდის-მეთქი, მართალი არ იქნება, მაგრამ, როცა დასვენებას ეხება საქმე, ვცდილობთ, მეგობრებთან ერთად წავიდეთ და საღამო ჩვენთვის გამოვიყენოთ. ერთ მკლავზე დიდი „შრამი” მაქვს, რომელიც ერთ-ერთი ასეთი გართობის შედეგია. დაუნდობლად ვწუწაობდით, ძალიან სწრაფად მივრბოდი, დამიჭირეს და რაღაცას გავკარი (იცინის). შედეგად, გართობის ტრავმა დამრჩა.
– გარდერობის განახლება თუ მოასწარი?
– იცი რა, მნიშვნელოვანი არაფერი შემიცვლია. მთელი ყურადღება ბავშვზე მაქვს გადატანილი. ალექსანდრე ჯერ წლისაა და დიდი ზომის ზამთრის ტანსაცმელი არ აქვს. ზამთრაში ძალიან პატარა იყო და მაშინ რაც ეცვა, ის ახლა პატარა აქვს. ახლა, როცა ბახმაროში ვაპირებთ წასვლას, ცოტა დავიბენი, ამ სიცხეში ბავშვის თბილი ტანსაცმელი სად უნდა ვიყიდო, არ ვიცი (იცინის). რაც შემეხება მე, ზაფხულში ძალიან კომფორტული ტანსაცმელი მიყვარს.
– ჯერჯერობით, რუჯიც არ გაქვს.
– ჰო, გადაღებების გამო, პირველად ხდება, რომ აუზზე სიარულსაც ვერ ვახერხებ. არადა, ძალიან მიყვარს ცურვაც და რუჯიც. აუზზე წელიწადის ყველა დროს ძალიან ხშირად დავდიოდი. ახლა კი, დრო თუ გამომიჩნდება, ბავშვთან მინდა ყოფნა და ვეღარ ვასწრებ, მაგრამ ეს უნდა გამოვასწორო. 
– უცხოეთში მაღაზიების ხშირი სტუმარი ხარ?
– რაღაცას აუცილებლად ვყიდულობ, მაგრამ სულ მაღაზიებში არ დავდივარ. საერთოდ, ბევრი სამოსი არ მიყვარს. ლამაზად ჩაცმა მომწონს, მაგრამ ბევრი რომ მაქვს, ეს – არა. როცა ვხვდები, რომ რამეს აღარ ვიცვამ, სხვას ვაჩუქებ. როცა ვიცი, რომ მაინც ერთი-ორჯერ უნდა ჩავიცვა რაღაც, ძალიან ბევრს არ ვყიდულობ. ყველაფერში ზომიერება მიყვარს. თუმცა, ძალიან მსიამოვნებს, როცა უცხოეთში ისეთ რამეს ვპოულობ მაღაზიებში, რაც ძალიან მინდოდა და აქ არ იყო. ჩემი ქმარი ყოველთვის მსაყვედურობს, რადგან, როცა სადმე მივდივართ, უამრავი ტანსაცმელი მიმაქვს. ერთ ძალიან დიდ ჩემოდანს ვიღებ და იმდენს ვტენი, ბაჩო მეუბნება, გეხვეწები, მეორე ჩემოდანში გადაალაგეო (იცინის). მე მაინც ერთ დიდ ჩემოდანში ვტენი, თითქოს ასე უფრო ცოტაა და მერე საბაჟოზე ყოველთვის გვეუბნებიან, რომ წონას გადავაჭარბეთ (იცინის). 
– სერიალზე გკითხავ, მაყურებლებში კატოს მიერ, ქმრის თხოვნით სამსახურიდან წამოსვლას დიდი გარჩევა მოჰყვა. შენ რას ფიქრობ ამაზე?
– ეს ინდივიდუალური ნაბიჯია და ვერ ვიტყვი, რომ სისულელეა. სამჯერ რომ ხარ გათხოვილი და მესამე ქმარს ამ მიზეზით შორდები, ალბათ, შეიძლება, მისი აზრი გაითვალისწინო. თუმცა, არ ვიცი, მე როგორ მოვიქცეოდი. ჩემი აზრით, არასწორია, ქმარი რომ სამსახურიდან წამოსვლას გთხოვს, მაგრამ ეს სერიალია და ყველაფერი ხდება. ვიღაცას შეიძლება, მოეწონოს, ვიღაცას – არა. მთავარი ხიბლიც ესაა, რადგან ცხოვრებაშიც ასე ხდება. მომდევნო სერიები გვიჩვენებს, კარგი აღმოჩნდება ეს გადაწყვეტილება მისთვის, თუ ცუდი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები