მსოფლიო
,,ახალ ზოოპარკსაც ავაშენებთ, ახალ, ლამაზ-ლამაზ ცხოველებსაც ჩამოვიყვანთ, მაგრამ ამ ადამიანებს ვეღარ დავაბრუნებთ..."
2015-07-24 15:15:35
40 დღე შესრულდა იმ ტრაგიკული ღამიდან, რომელმაც მთელი საქართველო აატირა და გააერთიანა. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
დღეს ზუსტად 40 დღე შესრულდა იმ ტრაგიკული ღამიდან, რომელმაც ჩვენი 3 თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა. გულიკო ჭიტაძე, ზოოპარკის უფროსი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე, მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. ეს სამივე ადამიანი ჩვენი ვეტერანი თანამშრომელი იყო. ცხოვრების 25 წელზე მეტი ზოოპარკში ჰქონდათ გატარებული. ზოოპარკი იყო მათი სახლიც, კარიც და ოჯახიც.
მათ შესახებ ბევრი დაიწერა, ბევრიც ითქვა, მაგრამ დღეს ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ გვინდა გავიხსენოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები და ასე მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას.
გულიკოს ზოოპარკის გულშემატკივრები კარგად იცნობდნენ. ჩვენს გვერდზე ხშირად ვწერდით ქალზე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ცხოველებზე ზრუნვას მიუძღვნა. თავად უშვილო მთელ თავის დედობრივ სითბოსა და სიყვარულს ზოოპარკის ახალშობილებს ჩუქნიდა. საკუთარი შვილებივით უვლიდა პატარებს. ღამეებს უთენებდა, აჭმევდა, უცვლიდა, ულაგებდა, ათამაშებდა. თუ ზოოპარკში ახალშობილი დედის გარეშე რჩებოდა, პირველი იმედი გულიკო იყო. ყველამ იცოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა პატარის გადასარჩენად. ამ საქმეში გამოცდილს საოცარი ინტუიციაც ეხმარებოდა. ერთს შეხედავდა ცხოველს და მაშინვე ამჩნევდა, რამე თუ უჭირდა. ყურადღებას არც უკვე გაზრდილ, ვოლიერებში დაბინავებულ ცხოველებს აკლებდა. ჩამოუვლიდა თავის აღსაზრდელებს და ყველას სათითაოდ ესიყვარულებოდა. ვეფხვებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში მოხვედრილიც სულ ცხოველებზე ფიქრობდა. თავისი ზოოპარკული საბავშვო ბაღის პატარები, მაიმუნი მარტა და მელაკუდა ტროა ადარდებდა. ამიტომაც მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება და საავადმყოფოდან ორი დღით ადრე გამოეწერა. გულმა ვეღარ მოუთმინა და თავის სამუშაო გარემოს დაუბრუნდა. ყველას უკვირდა, ვეფხვებისგან დაგლეჯილი ისევ ცხოველებზე რომ ფიქრობდა, მაგრამ ასეთი იყო. ასეთი ხასიათი ჰქონდა. ალბათ ვერ გადაიტანდა, თავისი გაზრდილი ცხოველების ტრაგედია რომ საკუთარი თვალით ენახა.
მახო ჩუმი კაცი იყო. დამჯდარს ვერ ნახავდით. სულ ფუსფუსებდა. როცა ჭამდა, მაშინაც, ჩქარ-ჩქარა მოითავებდა და გარბოდა. შრომას ჯერ კიდევ ღამე იწყებდა. მისი დღე ცხოველების საკვების მომზადებით თენდებოდა. ალაგებდა, აფასოებდა, ასუფთავებდა, რეცხავდა. კმაყოფილებას ვერ მალავდა თაროებზე კოხტად ჩამორიგებულ პროდუქტს რომ გადახედავდა-ხოლმე. დათვებთან მისატან საჭმელსაც კი, ურიკაზე უდიერად კი არ დაყრიდა, იდეალური სიზუსტით დაამწკრივებდა და ასე ურიგებდა ზოოპარკის ბინადრებს. ქალაქში იშვიათად გადიოდა. ზედმეტად თავს არავის აბეზრებდა, თუმცა თუ გაიგებდა, ვინმეს რამე დახმარება სჭირდებოდა, პირველი გარბოდა. ბედნიერი წუთები როდის ჰქონდა? ტორტს და ნამცხვარს რომ დაინახავდა, მაშინ. ტკბილეული უყვარდა ძალიან.
გივი პროფესიით ისტორიკოსი იყო. უსახლკაროდ და უდედმამოდ დარჩენილი წლების განმავლობაში ზოოპარკში მუშაობდა და ცხოვრობდა. თავმდაბალი, ყურადღებიანი ადამიანი იყო. არავის აწუხებდა, მხოლოდ იღიმოდა კეთილი ღიმილით. თავად უაღრესად გაჭირვებულს არავისთვის არაფერი ენანებოდა. უარს არავის ეუბნებოდა, ყველას ხელს უმართავდა და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა. ახალგაზრდობაში გურამ დოჩანაშვილის კურსელი, მეგობარი და მისი ერთ-ერთი მოთხრობის მთავარი გმირიც ყოფილა. საოცრად ნიჭიერსა განათლებულს ყველაზე კითხვაზე ჰქონდა პასუხი. ბოლოს ავადმყოფობდა. არავინ ჰყავდა და მარტოობის ეშინოდა მარტოდ დარჩენილს. ზოოპარკში აჩრდილივით მოცუცუნეს გულიკო გასძახებდა-ხოლმე, „გივი საჭმელი ჭამე“? უვლიდნენ ერთმანეთს.
ყველაფერს ეშველება. ახალ ზოოპარკსაც ავაშენებთ, ახალ, ლამაზ-ლამაზ ცხოველებსაც ჩამოვიყვანთ, მაგრამ ამ ადამიანებს ვეღარ დავაბრუნებთ...
კომენტარები