მსოფლიო
„ჰით ბათუმი 2015“ დაიწყო
2015-07-07 13:25:24
6 ივლისს, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის „ჰით ბათუმი 2015“-ის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა. ბათუმის საზაფხულო სეზონის ერთიანი კამპანიისა და მასშტაბური ივენთპროექტის დეტალური პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა უპასუხეს.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
კომენტარები