0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება

სარკინიგზო გვირაბის შემდეგ, ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება. ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური თამარ მეფის გზატკეცილზე, ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის, “ბათუმი-ცენტრალის” შენობაში განთავსდება და 750 კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს. შენობაში უკვე მოეწყო რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით. კეთილმოწყობილია ასევე მგზავრთა მოსაცდელი დარბაზები. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობამ “საქართველოს რკინიგზასთან” ერთად, მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით განახორციელა. ბათუმი უკვე აღარ არის რკინიგზისგან მოწყვეტილი ქალაქი და მგზავრები ზღვისპირა ქალაქში მატარებლით ჩასვლას იმავე დროში, იმავე ფასად შეძლებენ, როგორც თბილისიდან მახინჯაურის სადგურამდე. შენობაში 22 ათას 500 კვადრატულ მეტრზე რკინიგზის სადგურის გარდა განთავსებულია ბიზნეს-ობიექტები, გასართობი ცენტრები და ავტოსადგური, კომპანია “ბათუმი-ცენტრალმა” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიძინა და მშენებლობისათვის 8 მილიონი დოლარი დახარჯა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი “საქართველოს რკინიგზამ” 3 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელების შედეგად 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები