1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დიდი ორშაბათი-“რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ”

ვნების კვირა აღდგომის წინა კვირას ეწოდება და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, ხალხთან, მოწაფეებთან მის საუბრებს გვახსენებს.

ვნების შვიდეულის პირველ დღეს – დიდ ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. უნაყოფო ლეღვი იმ ქრისტიანების სულის სიმბოლოა, რომელნიც სინანულის ნაყოფს არ ისხამენ.

დიდი ორშაბათი ბიბლიური იოსების ხსოვნასაც ეძღვნება, რომლის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული მაცხოვრის ცხოვრების წინასახეა.

მღვდელი ზაზა სოსიაშვილი (არბოს წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი):”დიდი ორშაბათიდან იწყება ვნება ჩვენი ცოდვებისაგან გამოხსნისათვის. ეს დღე სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმიდა ეკლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს.

“რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის”.

იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ მოუწოდებს.

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის დაწყევლას იხსენებს.

როდესაც უფალი ბეთანიიდან წამოვა, მოშივდება, ლეღვის ხეს დაინახავს, რომელიც გაფოთლილია, თუმცა ახლოს მისულს უნაყოფო ლეღვი დახვდება:

“და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა
და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო.
და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.
და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად.”

იესომ ხის შერისხვით აჩვენა, რომ ურწმუნო და უნაყოფო სულები ისეთივე მიუღებელია ღმერთისთვის, როგორც უნაყოფო ხე.

როდესაც ქრისტე იერუსალიმში ჩავა, ტაძარში შევა და დაიანახავს მოვაჭრეებს, რომლებსაც აუყირავებს დახლებს, გამოდევნის ეკლესიიდან და ეტყვის:
„სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა”.

უფალი ამ სიტყვებით უხსნის, რომ ტაძარი მისი სახლია, ყველასათვის სალოცავი და განსაკუთრებულად წმიდა.

ამ დროს კი მწიგნობრები მის მოსაკლავად ხერხს ეძებდნენ, თუმცა ეშინოდათ, რადგან ყველას სჯეროდა და სწამდა მისი.

უფალს უამრავი ავადმყოფი ადამიანი მიეახლა და მან განკურნა ისინი. მღვდელმთავრები ხედავდნენ მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, ბავშვებს, რომელნიც ღაღადებდნენ: ოსანა დავითის ძეს! განრისხებულებმა მაცხოვარს ჰკითხეს: გესმის რას ამბობენ ისინიო? ხოლო იესომ მიუგო: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდებაო?

შებინდებისას გამოვიდა ქალაქიდან, გაემართა ბეთანიას და იქ გაატარა ღამე. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს ლეღვს, რომელიც დაწყევლა უფალმა და დაინახეს, რომ ძირფესვიანად გამხმარიყო. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს: რა უცებ გახმა ლეღვის ხეო? გაახსენდა პეტრეს და უთხრა უფალს: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. იესომ კი მიუგო: გქონდეთ ღმრთის რწმენა. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, ექნება ის, რასაც იტყვის. რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათო.

დიდ ორშაბათს ეკლესია ბიბლიურ იოსებს იხსენებს, რომლის ცხოვრებაც წარმოჩენილია, როგორც წინასახე იესო ქრისტეს ვნების, გაცემის, ღალატისა და დამდაბლებისა.

ამ დღეს იკითხება კონდაკი:

“იოსების წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობ, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი, და მეფობდა ამისთჳს, რამეთუ არა დაამონა გულისთქმა თჳსი მეძვისა ნებასა, და სამართლად იდიდა იგი გულთ მეცნიერისა ღვთისაგან და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა”.

ქრისტეს მსგავსად, იოსების ცხოვრებაშიც იყო როგორც დამცირება, ისე განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას – იაკობს. მაცხოვარიც ზეციური მამის საყვარელი ძეა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ”.

იოსები ძმებთან ერთად ცხოვრობდა, ვერც ამჩნევდა მათ ბოროტებას. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას. უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მაცხოვარსაც არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ.

იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, მაგრამ მონობაში სულიერებას არ დაკარგავს.

მას ჰქონდა რწმენა უფლისა, ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა.

იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი რომ დაემუქრებათ, სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმაც გაწირეს ქრისტე სასიკვდილოდ და მსხვერპლად…”

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულთა ძღვენთა წირვები სრულდება, სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები