მსოფლიო
სურსათის ეროვნული სააგენტო მუნიციპალურის შემდეგ კერძო საბავშვო ბაღების შემოწმებას იწყებს
2015-03-10 11:51:34
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მუნიციპალურის შემდეგ კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას იწყებს.
მიმდინარე წელს ინსპექტირება ჩატარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღში. 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში დაჯარიმდა 6 ბაღი. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გაიცა რეკომენდაციები, ხოლო ერთ-ერთ მუნიციპალურ ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.
დღეისათვის ინსპექტირებისათვის შეფასებულია 353 ბაგა-ბაღი. 16 მარტისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველო დაასრულებს ქალაქის 159 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებას, რის შემდეგაც დაიწყება კერძო ბაღების მონიტორინგი. ინსპექტირებისათვის უკვე შეფასებულია 78 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი.
შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, თუმცა, ზოგიერთ ბაღში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოსასწორებლადაც მათ კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომავალშიც აქტიურად აპირებს საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლის განხორციელებას, რათა უზრუნველყოს ბავშვების სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ადეკვატურ გარემოში წარმართვა.
კომენტარები