1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რის გამო იტანჯებოდა სალომე ჭაჭუა?

                                                                    ნათია უტიაშვილი 

დიდი ხნის ძებნის შემდეგ სალომე ჭაჭუას უკრაინიდან ჩამოუვიდა მეწყვილე, რომელთან ერთადაც საქართველოს სახელით ასპარეზობა უკვე დაიწყო. წყვილს სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა აქვს. გარდა ამისა, სალომე და გიორგი ვარდოსანიძე უკვე ერთ წელიწადზე ცოტა მეტია, დაოჯახებულები არიან – თებერვალში უსრულდებათ ჯვრისწერიდან ერთი წელი და, ასევე, ერთი წელი შეუსრულდა სალომეს სტუდიას, სადაც ის მთელ შრომასა და ენერგიას დებს. 

სალომე ჭაჭუა: არსებობს ცეკვის რამდენიმე საიტი, სადაც მოცეკვავეებს შეუძლიათ, განათავსონ თავიანთი განცხადებები. მეც მქონდა განთავსებული და ბევრი მწერდა, მაგრამ, მე მინდოდა კარგი მოცეკვავე, რომ ნულიდან არ დაგვეწყო ყველაფერი. ვინც ნორმალური იყო, მას უნდოდა, იქით ჩავსულიყავი, რადგან საქართველოში ეს სფერო ისე არ არის განვითარებული, როგორც რუსეთსა და ევროპაში; ჩემი მოთხოვნა კი, პირიქით, საქართველოში ჩამოსვლა და საქართველოს სახელით ასპარეზობა იყო. ამიტომ, თავს იკავებდნენ, თორემ, მე არ მოვწონდი – ასეთი რამ არ ყოფილა. მოკლედ, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, უკვე იმედი გადავიწურე. გავიდა დრო და ტელეფონის ნომერზე მომწერა ვინმე მაქსიმ რიჟიკოვმა, რომელიც უკრაინელი მოცეკვავეა, ოდესიდან. იმდენად ბევრი მწერდა და მერე არ ჩამოდიოდნენ ან მე არ მომწონდა, რომ ამასაც არ მივაქციე ყურადღება. ჩემმა მოსწავლემ, ირაკლიმ, რომ გაიგო, მაქსს არაფერს ვწერდი, მოძებნა და მაჩვენა მისი ცეკვა – იქნებ მოგეწონოსო. რომ ვნახეთ მისი ვიდეოები, მომეწონა; ძალიან კარგი მოცეკვავეა, უკრაინის ჩემპიონატის ფინალისტია და ეს იმ ქვეყანაში ძალიან დიდი წარმატებაა. იქ ძალიან ბევრი წყვილია და გაცილებით ძლიერი სკოლაც არის, თუმცა, ჩვენც ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ასე რომ, ჩემი მოსწავლის დამსახურეება მისი ჩამოყვანა. 

– ანუ, თქვენი მოთხოვნები დაემთხვა ერთმანეთს და წყვილიც შედგა?

– ერთი კვირის განმავლობაში ჩამოვიდა, რომ ვცადეთ ცეკვა, ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი. პირველივე გაკვეთილიდან კარგად მოვერგეთ და შევეწყვეთ. თან, ჩვენი მოთხოვნები დაემთხვა ერთმანეთს და უკვე სამი თვეა, აქ არის. თუმცა, ახლა გავაჟღერე ეს ამბავი – შეიძლებოდა, არ გამოგვსვლოდა. თითქმის 24 საათი გვიწევს ერთად ყოფნა, რადგან, ერთ საქმეს ვემსახურებით; ჩემს სტუდიაში ერთ-ერთი ქორეოგრაფია, თან, სულ ერთად ვვარჯიშობთ და, შესაბამისად მის ხასიათსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ იტყვიან ხოლმე – კარგად აღზრდილი. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის. მას უკრაინაში ჰყავს ძალიან კარგი ტრენერი, ერთ-ერთი საუკეთესო, ისიც ჩამოვიყვანეთ და, ცხოვრებაში პირველად, ტრენერმა დამიდგა კომპოზიცია – აღფრთოვანებული ვიყავი. ჩვენ მხოლოდ ლათინურს ვცეკვავთ და მთელი პროგრამა დაგვიდა, ხუთივე ცეკვა. მეც და ისიც „ათცეკვიანები” ვიყავით, მაგრამ, ახლა ისეთ ასაკში ვართ, რომ, უნდა აგვერჩია ან სტანდარტი, ან „ლათინი” და ჩვენ „ლათინი” ავირჩიეთ. 3 იანვარს რუსეთში „ზბორებზე“ წავედით და 12-ში ჩამოვედით. ძალიან კარგი იყო, დიდი გამოცდილება მივიღე  და, ცეკვის მხრივ, დიდი ნაბიჯები გადავდგი. აღფრთოვანებული ვარ, რადგან, ძალიან ძლიერ ტრენერებთან ვემზადებოდით, მსოფლიოს ჩემპიონებთან. ალექსეი სილდე და ანა ფირსტოვა არიან სამგზის მსოფლიოს ჩემპიონები და მათ მოაწყვეს ეს შეკრება – მიიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან, „ჰაი-კლასის” ტრენერები. ჩვენც მივწერეთ. შეიძლებოდა, საერთოდ, არ ეპასუხათ, მაგრამ, გვიპასუხეს და დაგვპატიჟეს კიდეც. ცხოვრებაში პირველად ვიყავი „ზბორებზე“ – ნელ-ნელა ცეკვაში ჩემი ოცნებები ხდება. 

– როგორი იყო თქვენი წყვილის მიმართ შეფასებები, მიიქციეთ ყურადღება? 

– ჩვენს მთავარ ტრენერს, როგორც წყვილი, ძალიან მოვეწონეთ. გვითხრა: კარგი წყვილი ხართ და, თუ სწორად გააგრძელებთ საცეკვაო კარიერას, ყველაფერი გამოგივათო. შეკრებაზე 100 წყვილი იყო. პირველ დღეს – არაფერი, მეორე დღიდან კი ყველა ტრენერი სათითაოდ მოდიოდა: საიდან ხართ, ვინ ხართო, – მოვეწონეთ. რომ იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავი, მეწყვილე კი უკრაინელი მყავდა, უკვე მე მეკითხებოდნენ – ცეკვა ვინ გასწავლაო. ინდივიდუალური გაკვეთილები ყველა ტრენერმა ჩაგვიტარა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მიყვარს, მაქსიმალურად ვიხარჯები და ჩემი მეწყვილეც ზუსტად ასეთია, თან, ძალიან მონდომებულია და თავისი საქმეც კარგად იცის. რუსეთიდან ესპანეთში გვინდოდა ტურნირზე გამოვსულიყავით, მაგრამ, არ მომცეს შენგენის ვიზა და ვერ მოვასწარი წასვლა. იმედია, ოდესმე მომცემენ შენგენის ვიზას. ამიტომ, უცბად გადავწყვიტეთ და რუსეთში 10 იანვარს გამოვედით საერთაშორისო ტურნირზე. 108 წყვილი იყო. ჩვენ, ძირითადად, რუსეთში ტურნირზე გასვლას ვერიდებით, რადგან კარგი შედეგის აღება რთულია, მაგრამ, მაინც გავრისკეთ. 108 წყვილიდან მეთხუთმეტე ადგილზე გავედით – ეს საკმაოდ კარგი შედეგი იყო: ჯერ ერთი, ახალი წყვილი ვართ; პლუს, მოსკოვში ავიღეთ; თან, დიდი კონკურენცია იყო – „ვარსკვლავიანი” წყვილები მონაწილეობდნენ. „ვარსკვლავიანი” წყვილები არიან ისინი, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50-ეულში შედიან. იქ ყოველ შაბათ-კვირას ტურნირია და ძალიან უნდა მოეწონო, რომ მაყურებელმა ტაში დაგიკრას. ალბათ, მოეწონათ ჩვენი ცეკვა, რადგან ტაშს გვიკრავდნენ და სტიმულს გვაძლევდნენ. კოსტიუმები შემიკერა უკრაინელმა დიზაინერმა, რომელიც ამ სფეროში ძალიან მაგარია. ადრე, ტურნირებზე რომ ჩავდიოდი, სულ სხვა მონაწილეების კოსტიუმებს ვუყურებდი, ისე მინდოდა და მომწონდა; ახლა კი, პირიქით, მე მიყურებდნენ, რადგან, ძალიან კარგი კოსტიუმები მეცვა. ახლაც გვინდოდა შეკრებაზე წასვლა, მაგრამ, ვიზას იმდენი ხანი სჭირდება, ვეღარ ვასწრებ აღებას. თებერვლიდან გვინდა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას წავიდეთ ტურნირზე. 

– გიორგის დამოკიდებულება როგორია ამ ყველაფრის მიმართ?

– გიორგი ძალიან მგულშემატკივრობდა; თან, ხედავდა, რომ მეწყვილის არყოლის გამო ძალიან ვიტანჯებოდი და, რომ გამოჩნდა, მასაც ძალიან გაუხარდა. გვერდში მიდგას, ჭკუაზე არ არის. ძალიან მოსწონს მაქსი და დამეგობრდნენ, რადგან, პიროვნულად კარგი ადამიანია, ჩემი სტუდიის ბავშვებიც გიჟდებიან, მაქსი რომ მოდის ეპრანჭებიან – ცისფერთვალება, ქერა ბიჭია და ჩემი გოგონები ჭკუაზე არ არიან. გიორგი, როცა მოახერხებს, აუცილებლად გამომყვება ტურნირებზე და მიგულშემატკივრებს. მასაც აქვს ამის სურვილი და მეც ძალიან მინდა – სტიმული იქნება ჩემთვის. მან თავიდანვე იცოდა, რომ ეს ჩემი პროფესიაა და შეკრებებზეც საჭიროა წასვლა, ამიტომ, არანაირად არ ყოფილა წინააღმდეგი – გიორგის არ სჭირს ასეთი რაღაცეები. ახლა წავედი დიდი ხნით, თორემ, სხვა ტურნირებზე ორ-სამი დღით წავალთ. დიდი სურვილი მაქვს და ჩემი მიზანია, ორმოცდაათეულში მოვხვდე, არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მსოფლიო ნახევარფინალში გავიდე. 

– ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგვარდა? 

– დიახ. თურმე, თიაქარი არ მქონია. აგვისტოს ბოლოს გადავიღე ტომოგრამა. პასუხები გერმანიაში უნდა გამეგზავნა და მითხრეს, თიაქარი ერთი მილიმეტრით გაგეზარდა, თან, დისპლაზია გაქვსო. საგონებელში ჩავვარდი, მეგონა, ვეღარ ვიცეკვებდი. გადავგზავნე დიაგნოზი გერმანიაში და სამ დღეში მომივიდა პასუხი: არანაირი თიაქარი და დისპლაზია არ მჭირს, ეს არის პროფესიული ტრავმა. ცეკვაში საერთოდ არ მიშლის ხელს, უბრალოდ, როცა ცალკე ჯაზს ან სხვა რამეს ვმეცადინეობ, კაუჩუკისძირიან ბოტასებს ვიცვამ, რომ ხტომით არ გავართულო და სპეციალურ ვარჯიშებსაც ვაკეთებ. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები