1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მთავრობის ადმინისტრაცია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. 

"ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ჩაიბარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. ის ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. რომან ჩხენკელმა, რომელმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და შექმნა ეფექტური სტრუქტურა, არაერთხელ თავად ითხოვა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება. პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, იგი 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება. 
მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, ვაკანტური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა. ამ პოზიციას დაიკავებს დავით სუჯაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 
საკადრო ცვლილებები სახელმწიფო სამსახურში ბუნებრივი პროცესია. ცვლილებები შეეხო ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი, მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას. 
ამ დღეებში შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეს პოზიცია დაიკავა ზაზა დოლიძემ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა კახაბერ სოლოღაშვილი. უახლოეს დღეებში დასახელდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი. 
ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე და არის პასუხი ახალ გამოწვევებზე", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები