1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რატომ დარბოდა გიორგი ბახუტაშვილი ჯვრისწერის წინ საცოლის კაბისა და საქორწინო ბეჭდების საყიდლად


ბოლო ხანებში ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობის, გიორგი ბახუტაშვილის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, – იზრდება პოპულარობაც. ამიტომ, ინტერესი მისი ცხოვრების სტილის, ხასიათის, თუნდაც მეორე ნახევრის მიმართ, ლოგიკურად, მატულობს. ჩვენს სტატიაში ცნობილი მსახიობის ქორწინების შესახებ გიამბობთ. მაშ, ასე – 24 წლის გიორგი ბახუტაშვილისა და 22 წლის თაკო შოშიაშვილის ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდაა. პროფესიონალი ტელეოპერატორი თაკო, პარალელურად, წარმატებული მოდელიცაა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან, მათი ოჯახური ცხოვრება დიდ სიყვარულსა და გულწრფელ ურთიერთობებზეა დამყარებული. 

 

გიორგი ბახუტაშვილი: ყველაზე რთული ნაბიჯი, რაც მეგონა, რომ ცხოვრებაში უნდა გადამედგა, უკავშირდებოდა ოჯახის შექმნას, ანუ, იმ ადამიანის პოვნას, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მომინდებოდა. უკვე ძალიან ადრეული ასაკიდან ვუდგებოდი ამ საკითხს პასუხისმგებლობით. ოჯახს თავიდანვე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის. ჩემი აზრით, ადამიანი ორჯერ იღებს სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას: როცა ირჩევს მეორე ნახევარს და როდესაც ირჩევს პროფესიას. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასდროს ვიგრძნობდი თავს ბედნიერად, თუ ამ ორ საკითხში არ ვიქნებოდი რეალიზებული. როცა თაკო გავიცანი, ყველაფერი მარტივად მოხდა და მარტივად დალაგდა, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან „დაგრუზული” ვიყავი ამ ჩემი ფიქრებით. 

დაახლოებით ოთხი თვე ვიყავით შეყვარებულები, ჯვრისწერა რომ გადავწყვიტეთ, მაგრამ, ჩვენს ამ გადაწყვეტილებას დაემთხვა აღდგომის მარხვა და ვთქვით: კვირა დღეს აღდგომაა და მარხვა მთავრდება; ორშაბათს – მიცვალებულების დღეა და სამშაბათს ჯვარი დავიწეროთო. ის საერთოდ არ გაგვითვალისწინებია, რომ ბრწყინვალე შვიდეული უწევდა და მაგ პერიოდშიც არ წერენ ჯვარს, მაგრამ, რადგან ვთქვით, მერე უკან აღარ დავიხიეთ. პატრიარქს ვთხოვეთ კურთხევა და, მისი კურთხევით, მართლაც ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სამშაბათ დღეს დავიწერეთ ჯვარი.

– სანამ ჯვრისწერის დეტალებზე ვისაუბრებთ, ლოგიკურად დავინტერესდები: სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრის სახლში გავიცანით.

– შემთხვევით თუ დაგეგმილად?

– აბსოლუტურად შემთხვევით, გარიგება და ეგეთები არ ყოფილა (იცინის). მივედი სტუმრად. დაახლოებით 15 ადამიანი ვიყავით, ერთ-ერთი თაკო იყო და დავადგი თვალი. მაშინვე ძალიან მომეწონა და, მომინდა, მეცადა მასთან უფრო ახლო ურთიერთობა.

– თაკოს მხრიდან როგორი იმპულსები წამოვიდა?

– იმ საღამოს დიდი არაფერი, მაგრამ, უკვე მერე, როდესაც მე გადავდგი პირველი ნაბიჯი, ისიც წამოვიდა ურთიერთობაზე.

– ზოგისთვის ოთხი თვე ძალიან ცოტა ხანია ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მისაღებად, ზოგისთვის კი – სრულიად საკმარისი.

– მაგას რომ ამბობდნენ ხოლმე, ძალიან ვბრაზდებოდი, იმდენად ახლობლები გავხდით ამ ოთხ თვეში მე და თაკო ერთმანეთისთვის. აბსოლუტურად ერთნაირი შეგრძნებები გვქონდა ორივეს, ძალიან ვიტანჯებოდით, სულ ერთად გვინდოდა ყოფნა. ბოლომდე ვიცოდი – ერთადერთი ბედნიერების გზა ის იყო, რომ  ერთად გვეცხოვრა და, თან, რაც შეიძლება მალე.

– ჯვარი სად დაიწერეთ?

– ჯერ იმას გიამბობთ, რომ  ჯვრისწერამდე ორი კვირით ადრე თაკო იტალიაში გაემგზავრა ერთი კვირით – ჩვენება ჰქონდა. ამიტომ, ჯვრისწერისთვის თაკოს კაბა-შმაბა-ბეჭდებისთვის მე დავრბოდი გიჟივით, თაკო კი იტალიიდან მხელმძღვანელობდა.

ჯვარი დავიწერეთ საგურამოში, ილია მართლის ეკლესიაში, 2014 წლის 22 აპრილს. ძალიან წვიმდა, თუმცა, განწყობა ამის გამო არ შეგვცვლია. თაკოს ამშვიდებდნენ – ჯვრისწერაზე წვიმა რომ დაემთხვა, კარგია, მთელი ცხოვრება ეყვარები ქმარსო. თაკო ბრაზობდა ამაზე – წვიმა რომ არ მოსულიყო, გეგონება, ისე არ ვიცი, რომ ვეყვარებიო. ყველაფერმა ლამაზად ჩაიარა. ყველა მეგობარი, ვინც კი გაიზიარა ჩვენი სიხარული, ამ წვიმაში ჭრელ-ჭრელი ქოლგებით მოგროვდნენ ეკლესიის ეზოში. ჯვრისწერის შემდეგ კახეთში წავედით, ყვარლის ტბაზე, ერთ-ერთ სასტუმრო კომპლექსში. ორი დღე კახეთში გავატარეთ, სულ სამი დღით გავეთავისუფლე – ცოლი მომყავს და რა ვქნა-მეთქი (იცინის). რომ ჩამოვედით დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გავაკეთეთ სუფრა. თუმცა, მე და თაკოს მაინცდამაინც არ გვინდოდა – „ქართული“ რაღაცეები ძალიან მაღიზიანებს – კარგი მოხდება თუ ცუდი, ყველაფერზე რომ უნდა გაილეშოს ვიღაცა. არ გვინდოდა ყველა სადღეგრძელოზე ფეხზე წამოდგომები, „თქვენ გაგიმარჯოთ, ახლა თქვენ გარშემო უნდა ვიტრიალოთ“ – და ეგეთი რაღაცეები. ძალიან მიყვარს, ქართულ სუფრაზე ვგიჟდები, მაგრამ... ბევრი რომ არ ვილაპარაკო, საბოლოო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი საათით ვიყავი ჩემს ქორწილში – არ გამოდიოდა სხვანაირად, პრემიერა მქონდა ორ დღეში. ხშირად ითხოვს ჩემი პროფესია ასეთ კომპრომისებზე წასვლას. თაკო საოცარი ადამიანია, ჩემი სულიერი მეგობარია და, საუბარიც არ ყოფილა იმაზე – როგორ შეგიძლია, ახლა ადგე და წახვიდეო. ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირად ვაზროვნებთ, მისი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩემი გადაწყვეტილებაცაა და პირიქით.

ამ ტრადიციული სუფრის შემდეგ თაკო და ჩვენი მეგობრები კარაოკე ბარში წავიდნენ. მე კი მათ გვიან შევუერთდი და კარგადაც გავერთეთ.

– შეყვარებულობა ერთი, ცალკე ეტაპია წყვილის ცხოვრებაში. როგორ გაგრძელდა თქვენი თანაცხოვრება უკვე ქორწინების შემდეგ?

– ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ აბსოლუტურად გულწრფელი ურთიერთობა უნდა მქონოდა ადამიანთან, რომელსაც ჩემი ცოლი დაერქმეოდა. ძალიან ძნელია ეს, დამეთანხმებით. თაკომაც, უპირველესად, თავისი გულწრფელობით მომხიბლა გაცნობის დღიდანვე, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობითაც ძალიან მომეწონა. არასდროს გვიცდია, იმაზე უკეთესად წარმოგვეჩინა თავი, ვიდრე ვიყავით. ოთხი თვის თავზე უკვე ორივემ ვიცოდით ვინ ვინ იყო. სწორედ ამიტომ, თანაცხოვრების პერიოდში არაფერი ახალი არ აღმომიჩენია თაკოში.

– შეყვარებულობის პერიოდიდან იცოდით უკვე, შეეძლო თუ არა თაკოს ღილის დაკერება, ან, ვთქვათ სადილის მომზადება?

– როგორ არ ვიცოდი, თაკო მივლიდა, მაჭმევდა და მასმევდა (იცინის). სანამ ჯვარს დავიწერდით, ერთი თვით ადრე, თაკოს დედამ მოიტეხა ხელი და, ამიტომ, ყველანაირი საოჯახო საქმე თაკოზე გადმოვიდა – საჭმლის მომზადება, დალაგება, სარეცხი... ყველაფერი ამის მხრებზე გადავიდა და ძალიან დაოსტატდა. ისეთ რაღაცეებს ამზადებს, ნუ იტყვით! ერთხელ, ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი თეატრიდან, თან, გვიანია; მოვდივარ და ვფიქრობ, რა ვიყიდო ისეთი, რომ უცებ მომზადდეს და წავიხემსო-მეთქი. შემოვედი სახლში და – სუნი დგას საოცარი. ავიხედე და – თაკო გიჟივით ბზრიალებს,  ჩახოხბილი ჰქონდა გაკეთებული. გუფთა, ტოლმა – ყველაფერს ამზადებს, აბსოლუტურად ყველაფერს.

– ერთმანეთის პროფესიულ თავისებურებებს როგორ ეგუებით და როგორ გაითავისეთ ეს ყველაფერი?

– ძალიან ძნელია, რადგან, სულ ერთად გვინდა ყოფნა, მაგრამ, რაღაცნაირად, ოქროს შუალედი გვაქვს დაჭერილი – ერთად ყოფნასაც ვასწრებთ და საქმესაც ვაკეთებთ.

– მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკასთან ურთიერთობას მიჩვეული ხართ თქვენი პროფესიის გამო, ასე მგონია, არ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. 

– ცოტა-ცოტა კიდევ მიმაჩვიეს ჟურნალისტებმა, თორემ, ჩემს პირადულზე როცა ვლაპარაკობ, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, ეს მაგის ბრალია. ისე, ყველაფერს ვამბობ, უბრალოდ, ცოტა ვწვალობ, რა (იცინის).

– სიურპრიზებს უწყობთ ხოლმე ერთმანეთს? თქვენი ტიპაჟიდან გამომდინარე ვხვდები, რომ სერენადებს ნამდვილად არ უმღერებდით...

– არა, სერენადები არასოდეს მიმღერია, მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ რომანტიკული ადამიანი ვარ და ამას თაკოც აღნიშნავს. ტივიდან სერენადა ვუმღერო ან ფანჯრის წინ გული დავუნთო – ჩემთვის არ არის რომანტიკა, მაგის გაკეთება აბსოლუტურად ყველას შეუძლია. ურთიერთობის დროს რომ პატარა, წვრილმანი დეტალით ასიამოვნო – ეს არ შეუძლია ყველას. ჩვენი რომანტიკა ამაზეა დაფუძნებული.

– გაბრაზებული გიორგი როგორია?

– ძალიან იშვიათად ვბრაზდები. ვცდილობ, რომ თავშეკავებული და ზომიერი ვიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ხოლმე მომენტები, როცა წყობიდან გამოვდივარ. აი, მაგალითად, თაკო ყველგან მაგვიანებს, იმიტომ რომ, დიდხანს ემზადება.

– ყველა ქმარს ერთნაირი ტექსტი როგორ გაქვთ...

– ჰო?! (იცინის). მაგაზე ძალიან ვბრაზდები. შეიძლება, ამის გამო ყველგან ვაგვიანებდეთ?!

– ამ დროს რას აკეთებ ხოლმე?

– ვწუწუნებ: „რა არის... დაგტოვებ, იცოდე”... – მეტი არაფერი.

– დიდი ხნის წინ რომ ოცნებობდი და ბევრს ფიქრობდი, ასეთი ოჯახი გქონდა წარმოდგენილი შენს ფიქრებში?

– დიახ, ზუსტად ასეთი. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ზუსტი არჩევანი გავაკეთე.

 ეკა სალაღაია "Tbiliselebi"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები