1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ალასანია საგანგებო განცხადებას აკეთებს

ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ, იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ პროცესში უკვე ჩავრთავთ საერთაშორისო საზოგადოებას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 
მისი თქმით, ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცემიათ. 
"მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე ადვოკატებს არ გადასცემიათ საქმის მასალები და არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაკავებული პირების სრულყოფილად დაცვა განახორციელონ. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მთავრობას, რაც შეიძლება დროულად მიეცეს ადვოკატებს, ამ ადამიანების დაცვის შესაძლებლობა. ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით, პროკურატურის მიმართ, იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება, უკვე ამ პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას", - განაცხადა ალასანიამ. 
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები