მსოფლიო
კურტ ვოლკერი : ალასანიას გათავისუფლებას საქართველოს შიდა პოლიტიკას უფრო ვუკავშირებ
2014-11-05 13:01:49
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ვოლკერმა განმარტა ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა რამდენიმე ხნის წინ დაიძაბა და დროთა განმავლობაში ამ დაძაბულობამ შედეგად ალასანიას გუნდიდან გარიყვა მოიტანა.
"ვაშინგტონში ასევე არსებობს მუდმივი შეშფოთება იმ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ პოლიტიკური დევნის წარმოებით. თუმცა, ახლა ის გამოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სამართლებრივი პროცესები "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი მოქმედებების მსგავსია. აქ იმას ვგულისხმობ, რომ გამორიცხული არ არის კორუფციის არსებობა, მაგრამ ადამიანების დაკითხვაზე გამოძახება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და მათი სამართლებრივი დევნის დაწყება საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებამდე ხდება. ჩემი აზრით, ამ მოქმედებების დანიშნულება ალასანიას დისკრედიტაცია", - განაცხადა ვოლკერმა.
მისივე თქმით, ალასანიას საჯარო დისკრედიტაცია მოხდება კორუფციაში მისი პირდაპირი დადანაშაულებით ან იმ შეხედულების გამყარებით, რომ მისი მინისტრობის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო კორუმპირებული უწყება იყო, რაც მინისტრის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.
ამასთან, ვოლკერი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მინისტრების გამოცვლა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე აისახება და ამბობს, რომ "თუ თავდაცვის მინისტრი არ ვარგა, უნდა გამოცვალო, მაგრამ როცა ამ თანამდებობაზე გყავს კომპეტენტური ადამიანი, განგრძობითობა ყოველთვის კარგია".
ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის ის, რომ ალასანია დასავლეთში ძალიან მოსწონთ.
"მას დასავლეთში იცნობენ როგორც ადამიანს, რომელიც ზრუნავს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე. როგორც საქართველოს ელჩმა გაეროში და შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, ალასანიამ მოკავშირეებს შორის დიდი პატივისცემა მოიპოვა. მისი პიროვნების გარშემო დღეს მიმდინარე მოვლენები, ჩემი აზრით, საქართველოს არაფერში ეხმარება. ამით საქართველო იმას ვერ დაადასტურებს, რომ შემდგარი დემოკრატიაა", - განაცხადა ვოლკერმა.
ამასთან, ვოლკერი აცხადებს, რომ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება ევროატლანტიკურ კურსზე შეტევის თაობაზე, ამ ეტაპზე, მას ვერ არწმუნებს ქვეყნის მიერ ორიენტაციის შეცვლაში.
"არაფერი უშლის მთავრობას ხელს იმაში, რომ დანიშნოს ახალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც გააგრძელებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. არ მგონია, რომ მისი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდებოდეს საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციას. ამ ყველაფერს უფრო საქართველოს შიდა პოლიტიკას ვუკავშირებ. ვფიქრობ, რომ მთავრობაში ამჟამად მყოფ ზოგიერთ ადამიანს და მთავრობიდან ახლა უკვე წასულ პრემიერ-მინისტრს მისი პოლიტიკიდან განდევნა სურთ და ამის მიღწევას გამოძიების დაწყებით და ალასანიას საჯარო დისკრედიტაციით ცდილობენ", - განაცხადა ვოლკერმა და დასძინა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პერსონალური ნიშნით ხდება და არა პოლიტიკურით.
კომენტარები